ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი, საბოლოო დასტურს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ამ დრომდე ელოდება. ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელებაც 2018 წლის ნოემბერში იგეგმებოდა დღემდე არ დაწყებულა.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე გადაცემა “საქმიანი დილასთან” საუბრისას აცხადებს, გაფართოების პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროშია და მისი ბედი სავარაუდოდ 2 კვირაში გაირკვევა. 

“ძალიან გვინდა, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დავიწყოთ. ჩვენ ფინანსური მობილიზაცია უკვე გაკეთებული გაქვს. პროექტიც უკვე მზადაა და ის ელოდება სახელმწიფოს მხრიდან პატარა დეტალების შეთანხმებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაახლოებით ორი კვირის ფარგლებში ეს ბიუროკრატიული დეტალებიც შეთანხმდება”, აცხადებს თეა ზაქარაძე.

მისივე განმარტებით, “ტავ ჯორჯია” ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტს 2018 წლის აპრილიდან ამუშავებდა.

“2018 წლის აპრილის შემდეგ, ჩვენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას ვგეგმავთ. პროექტი  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარდგენილი იყო 2018 წლის ნოემბერში და გვქონდა “კონფირმაცია” ამ პროექტზე. დღეს, 2019 წლის ნოემბერია და ძალიან სამწუხაროა, რომ ის რაღაცნაირად შეფერხდა.

ისე კი გეტყვით, რომ ძალიან საინტერესო პროექტი ხორციელდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ეს იქნება არსებული ტერმინალის გაფართოება, როგორც მოფრენის, ასევე გაფრენის სივრცის. არსებულ ტერმინალს 3300 კვ/მ დაემატება, რაც ბევრად უფრო კომფორტული იქნება მგზავრებისთვის”, აცხადებს “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილე.

თეა ზაქარაძე ამბობს, რომ რუსული ემბარგოს მიუხედავად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, ოქტომბერში მგზავრთნაკადის ზრდა აჩვენა, ეს იმ პერიოდში როდესაც საავიაციო ბაზარზე, ზაფხულის სეზონისგან განსხვავებით, ზოგადად, მგზავრთნაკადის კლება ფიქსირდება. 

“იცით თუ როგორ დაგვარტყა რუსულმა ემბარგომ, გარკვეულწილად მგზავრების რაოდენობის კლებაც ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, ოქტომბერში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გვქონდა მგზავრთნაკადის 13%-იანი ზრდა. ეს ძალიან კარგი ციფრია, იმ ფონზე როდესაც რუსეთიდან ფრენები შეზღუდულია.

ოქტომბერში, როდესაც საავიაციო ბიზნესში ისედაც იკლებს მგზავრთნაკადი ბათუმში გვაქვს 13%-იანი ზრდა. ეს ჯერ კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ავიაკომპანიების გარდა, ჩვენ ბაზარზე გვყავს ისეთი ავიაკომპანიები რომლებიც საქართველოს მიმართულებით სიხშირეებს ზრდიან. 2-ჯერ გაიზარდა ისრაელიდან ფრენების რაოდენობა, ასევე თითქმის 2-ჯერ გაზარდა სიხშირეების რაოდენობა Belavia-მ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ისრაელის მგზავრი 97%-ით გაიზარდა.

ჩვენ შეგვიძლია, რომ რუსული ავიაკომპანიების გარეშეც მივიღოთ ტურისტების ნაკადი და ამიტომ გვჭირდება, რომ სასწრაფოდ დავიწყოთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება. ეს არ არის ჩვენი კაპრიზი, ეს გასაკეთებელია მგზავრების კომფორტისთვის”, აცხადებს “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის რეალიზებას “ტავ ჯორჯიაში” 2019 წლის ოქტომბრიდან ვარაუდობდნენ, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აეროპორტის გაფართოება ნაცვლად ოქტომბრისა 2020 წლის მარტში დაიწყებოდა.

“ტავ ჯორჯიას” გათვლებით, კომპანიას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაახლოებით 10 მლნ დოლარი დაუჯდება.