გერმანულმა ავიაკომპანია Hahn Air- მა, ტურისტული პროდუქტების ღია პლატფორმა Winding Tree-სთან პარტნიორობით, გამოუშვა ბილეთი, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. კომპანია პირველია, რომელიც მგზავრებს ბილეთების ამ სისტემით შეძენის შესაძლებლობას აძლევს.

Hahn Air-ის წარმომადგენლის იგორ ტესტერის განმარტებით, მათი მიზანია შეისწავლოს ის შესაძლებლობები, რომელსაც ეს ტექნოლოგია იძლევა. ტესტერი დარწმუნებულია, რომ ბლოკჩეინი ავიაკომპანიას ამ ეტაპზე დამატებით მოგებას ვერ მოუტანს, თუმცა იმედოვნებს, რომ მომავალში ის მომგებიანი გახდება.

ავიაკომპანია მიიჩნევს, რომ ბლოკჩეინს ბევრი უპირატესობა გააჩნია, რომელთაგან ერთ-ერთი ისაა, რომ ბაზრის ყველა მონაწილე – ტურისტული კომპანია, სასტუმრო ბიზნესი – შეძლებენ ტრანზაქციების განხორციელებას მესამე მხარისთვის დამატებითი გადასახადის გადახდის გარეშე.

“ტექნოლოგია 100%-ით უსაფრთხოა. ყველა საჭირო ინფორმაცია ინახება ​დეცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში, რომელიც მოწმდება მილიონობით წყაროს მიერ და, შესაბამისად, მათი შეცვლა ან გაყალბება შეუძლებელია.

გამომდინარე იქიდან, რომ უფრო და უფრო მეტი კომპანია შეძლებს მარტივად ურთიერთობას, შემცირდება გარიგების საფასური. ხოლო ტურისტებს გაუჩნდებათ მეტი შესაძლებლობა მოგზაურობისა და ერთი წყაროდან  შეკვეთილი მომსახურების მიღებისთვის”, – აცხადებენ Hahn Air-ში. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბლოკჩეინი სულ უფრო ხშირად გამოიყენება ტურიზმის ინდუსტრიაში. მაგალითად, ტურისტული კომპანია Alternative Airlines– მა, გადახდის გამარტივების მიზნით, პარტნიორული შეთანხმება გააფორმა კრიპტოვალუტის სერვის Utrust– თან.