რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ფრენა განხორციელდება. როგორც რუსული ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, Azimuth Airlines-ი სოჭიდან საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით იწყებს ფრენებს. სოჭსა და თბილისს შორის რეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

ავიაბილეთის ღირებულება კი, ერთი გზა, 113 ევროდანაა. Azimuth Airlines-ი ​უკვე მეორე ავიაკომპანიაა, რომელიც ახორციელებს რეისებს სოჭიდან საქართველოს მიმართულებით. აღნიშნულ ორ ქალაქს შორის ივლისიდან ფრენებს Red Wings ახორციელებს. მგზავრობის ხანგრძლივობა 2 საათზე ნაკლებია.

ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული მასალის თანახმად, იმავდროულად, Azimuth Airlines-ი ფრენებს შეასრულებს მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის საჰაერო ხაზზეც. რეისები აღნიშნულ მიმართულებაზე 9 ოქტომბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება.

ცალმხრივი ავიაბილეთის ფასი 70 ევროდანაა.

როგორც რუსი ბლოგერები წერენ, ოქტომბერი საქართველოში დასვენების იდეალურ სეზონად ითვლება, რადგან აქ ჰაერის ტემპერატურა კომფორტულია და ზღვაში ბანაობა მაინც შეიძლება.