„ივლისში რეისების გაუქმების გამო ქვეყნის ბიუჯეტს დაახლოებით 350 მილიონი დოლარი დააკლდა”, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელოში ვიზიტისას გააკეთა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლები ასცდა 2 მილიარდ დოლარს. 

“ეს რეალური ფულია. სამეგრელოში აქედან მოდის ალბათ, 3 პროცენტზე ნაკლები, რადგან აქ სამუშაოა ტურისტულ პროდუქტებზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ძალიან კარგად იცის და წელს გეგმა უნდა გავაკეთოთ, რომ უკვე მომავალ წელს ამ გეგმის მიხედვით ვიმუშაოთ. ზუგდიდში სასტუმროებია ასაშენებელი, ნოქალაქევია დროულად აღსადგენი, ბევრი ისტორიული ძეგლია, გასაკეთებელია მარტვილიდან ჩხოროწყუ-წალენჯიხა, წალენჯიხა-ზუგდიდის მარშრუტი. ძალიან ბევრი ხალხი დადის დაცულ ტერიტორიებზე. ბევრი შესაძლებლობაა სამეგრელოში, სადაც ტურისტი შეიძლება 5-6 დღე დავაკავოთ. გვჭირდება სასტუმროების ინფრასტრუქტურა ზუგდიდში და ფოთში. შემდეგ უკვე მესტია, მარტვილი. ჩხოროწყუ-წალენჯიხა უნდა განვითარდეს საოჯახო ტიპის სასტუმროებით. ასე პატარ-პატარა ნაბიჯებით რეგიონში შემოსავალი უნდა გავაჩინოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ