$75 მლნ VS $350 მლნ – რეალურად რა ზარალი მიიღო ავიასანციების შედეგად ეკონომიკამ?

ტურიზმის ექსპერტი და „ჰელისკი ჯგუფის“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი ავიასანქციების შედეგად საქართველოსთვის მიღებულ ფინანსურ ზარალს ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსი ტურისტების საქართველოში არ ჩამოსვლით ბიუჯეტმა 75 მლნ დოლარამდე დაკარგა და 350 მლნ დოლარამდე, როგორც ამას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს.

ვატო ასათაშვილი facebook-ის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ავიასანციების შედეგად ქვეყნის ეკონომიკისათვის მიყენებულ ზარალს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიარეისები არ არის საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი და რომ ეს პრობლემა მნიშვნელოვნად არც ეკონომიკას უტყამს.

“გახარია ამბობს ივლისში რეისების გაუქმების გამო ქვეყნის ბიუჯეტს დაახლოებით 350 მილიონი დოლარი დააკლდა-ო.
ანუ, რუსებმა პირდაპირი რეისები, რომ გაგვიუქმეს ტურიზმიდან და ფრენებთან დაკავშირებული შემოსავლებიდან გამოწვეულია ეს კლებაო.
მოდი შევხედოთ ტურიზმის სტატისტიკას, სადაც 9 თვის მონაცემებით დავინახავთ, რომ საერთო ზრდა წინა წელთან შედარებით გვაქვს 6.6%, ხოლო კონკრეტულად რუსეთის ბაზრიდან ზრდა წინა წელთან შედარებით 8.7%. ცნობისათვის აქვე დავწერ, შარშანდელმა წლიურმა მატებამ რუსეთიდან 23.8% შეადგინა. ანუ ჩვენი მთავრობა წუხს იმაზე, რომ 24%-ის ნაცვლად რუსეთიდან ვიზიტორთა ზრდა მხოლოდ 9% გვაქვს.
ივლისში, როცა ავიასანქციები დაგვადეს, ქვეყანა ერთგვარმა პანიკამ მოიცვა, ჩემი უკიდურესად ნეგატიური პროგნოზით სანქციების გამო თუ რუსული ბაზრიდან ჯამური კლება 50%-მდე გვექნებოდა, შედეგად წელს ძალიან დაბალი ზრდის მაჩვენებლით დავამთავრებდით, თუმცა ჯამურად მაინც ზრდის პოზიტიურ ნიშნულზე უნდა დავრჩენილიყავით.
რეალურად რა მოხდა, სანქციების ფონზე დრამატული კლების ნაცვლად რუსული ბაზრიდან პოზიტიური 9%-იანი მატება გვაქვს.
მიუხედავად ამისა ქვეყნის მთავრობა კოორდინირებულად ცდილობს რუსული ავიასანქციების ნეგატიურ შედეგებზე ილაპარაკოს და შექმნას განცდა, რომ ჟურნალისტის “გაუაზრებელმა სიუჟეტმა” ქვეყნის ეკონომიკის ნგრევა გამოიწვია.
მოდით ვცადოთ და მოკლედ დავთვალოთ მიახლოებითი ზიანი რაც 24%-იანი ზრდის ნაცვლად 8.7%-მა ზრდამ გამოიწვია:
სხვაობა გეგმიურსა და ფაქტიურ შედეგს შორის (23.8% და 8.7%) ავიღოთ 15%, ანუ შარშანდელი ტემპი, რომ გაგრძელებულიყო, 15%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდოდა.
შარშან 9 თვის განმავლობაში რუსეთიდან შემოვიდა 1,109,706 ვიზიტორი.
წლევანდელი 8.7%-იანი ზრდის შედეგად რუსეთიდან ქვეყანას ეწვია 96,000-ით მეტი ადამიანი ვიდრე შარშან.
ამის გარდა კიდევ +15%ით მეტი რაოდენობის ადამიანი რომ ჩამოსულიყო, წელს ქვეყანაში დამატებით გვეყოლებოდა კიდევ დაახლოებით 166,500 ვიზიტორი.
ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით რუსეთის თითო რეზიდენტი საქართველოში ვიზიტზე საშუალო დანახარჯი 1,326 ლარია, ანუ დამატებით 166,500 კაცი ქვეყანაში დახარჯავდა დაახლოებით 221 მილიონ ლარს (ხაზს ვუსვამ რომ ეს ციფრი იქნებოდა ლარებში, ანუ დოლარში მივიღებდით დაახლოებით 75 მილიონს)
მე არ ვიცი როგორ დაუთვალეს გახარიას 350 მილიონ დოლარიანი დანაკლისი.
მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ 2019 წლის პირველი და მეორე კვარტლის მონაცემებით წინა წელთან შედარებით 727 მილიონი დოლარის ნაცვლად ქვეყანაში 254 მილიონი დოლარით ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
ისიც ვიცით რომ სახელწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგად წლიურად ბიუჯეტში შედის საშუალოდ 80 მილიონ ლარამდე. წლევანდელი მონაცემები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ 2018 წელს გაყიდული სახელმწიფო აქტივების ჯამურმა ღირებულებამ 89 მილიონი ლარი შეადგინა, რაც პრივატიზაციის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
ვიცით, რომ ათეულობით ჰიდრო-ელექტრო სადგურის მშენებლობის პროექტი წლებია უკვე გაჩერებულია და ინვესტორმა კომპანიებმა არ იციან როდის გაირღვევა შუალედური ბიუროკრატიული რგოლები მშენებლობების დასაწყებად.
ჰოდა იმაზე გოდება, რომ რუსი ტურისტები არ შემოდიან და ამიტომ ქვეყნის ეკონომიკა თავზე გვენგრევა, არასწორია.
არის ბევრი უფრო მნიშვნელოვანი მიმართულება საიდანაც ქვეყანამ უფრო მეტი სარგებელი უნდა მიიღოს და განზრახ შეჩერებულია ან სხვადასხვა სახელმწიფო უწყების უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო არ ვითარდება.
მოკლედ, რუსეთთან პირდაპირი ავიარეისები არ არის საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი. ეს პრობლემა მნიშვნელოვნად არც ეკონომიკას უტყამს. ამ თემით საქართველოს მოსახლეობასთან სპეკულირება არ არის სწორი და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება. რუსეთთან მოლაპარაკებების ფორმატში ავიარეისებზე ვაჭრობა ბანალურია და არსებული პრობლემების ფონზე სავაჭრო ფსონების ფასს აუფასურებს. სასაცილოა (სატირალი რომ არ იყოს) როდესაც ამ გარემოებებიდან გამომდინარე რუსეთს ვთხოვთ ავიარეისების აღდგენას და ამის სანაცვლოდ კიდევ დამატებითი პოზიციები უნდა დავთმოთ”, აცხადებს ასათაშვილი.