საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა (GCAA) და გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალურ ორგანოს (Bundesaufsichtsamt für Flugsicherung – BAF) შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ქართული მხარე ავიამეთვალყურეების და შესაბამისი სასწავლო დაწესებულებები სერტიფიცირების გერმანულ გამოცდილებას ეცნობა. ამ მიზნით, სააგენტოს მოწვევით უწყებას BAF-ის ავიამეთვალყურეთა და მათი სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების დეპარტამენტის უფროსი, ტობიას ვულფი სტუმრობდა.
8-9 ნოემბერს გამართული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქაერონავიგაციის წარმომადგენლები გაეცვნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრაქტიკულ გამოცდილებას საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობების გაცემის და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების პროცესის წარმართვის კუთხით, ასევე მოისმინეს ინფორმაცია, თუ როგორ ხორციელდება ზედამხედველობის ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესრულება სააერნაოსნო მომსახურების მიმწოდებლების და თავად მოწმობის / სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის მფლობელების მხრიდან.
ევროკავშირის N2015/340 რეგულაციის მიხედვით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესი 2021 წლის 20 ოქტომბერს მიიღო. ევროპული მოთხოვნების დანერგვის მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში საავიაციო უსაფრთხოების დონის შემდგომი ამაღლება, საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება, მეთვალყურის მოწმობის მაძიებლების სწავლების, მათი გამოცდის, შეფასების და მოწმობის გაცემის პროცესის დახვეწა. წესი 2022 წლის იანვრიდან ეტაპობრივად შედის ძალაში და მისი სრულად ამოქმედების პროცესი 2023 წლის სექტემბერში დასრულდება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალურ ორგანოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ავიამეთვალყურეთა სერტიფიცირების მიმართულებით მხარეებს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გაგრძელდება.