ავიაკომპანიებს მოეთხოვებათ, ბორტგამცილებლებს ცვლებს შორის დასასვენებლად, სულ მცირე, 10 საათი მიეცეთ, ანუ 1 საათით მეტი, ვიდრე ახლა აქვთ, – ამის შესახებ აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციაში განაცხადეს. ადმინისტრაციის მოქმედი ადმინისტრატორი ბილი ნოლენი აცხადებს, რომ დასვენების დამატებით ერთი საათი უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. ახალი რეგულაცია ძალაში 30 დღეში შევა, ავიაკომპანიებს კი მის შესასრულებლად 90 დღე მიეცემათ.

მოქმედი ფედერალური წესების თანახმად, ბორტგამცილებლები დღეში 14 საათამდე მუშაობენ და ცვლებს შორის 9 საათს ისვენებენ.

ამერიკის ავიახაზები – მსხვილი ჯგუფი, რომელიც აშშ-ის უდიდეს ავიაკომპანიებს წარმოადგენს, აცხადებს, რომ ინდუსტრიისთვის უმთავრესი პრიორიტეტია უსაფრთხოება და დასვენებული და მობილიზებული ბორტგამცილებლები, რომლებიც მზად არიან, იკისრონ თავიანთი პასუხისმგებლობა კაბინის უსაფრთხოებისა თუ სხვა მოვალეობების კუთხით, ამ მიზნის მისაღწევად კრიტიკული მნიშვნელობისაა. ავიახაზებში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ მეცნიერულად დადასტურებულ და მონაცემებზე დაფუძნებულ ზომებს, რომელთა მიზანია გადაღლილობის თავიდან აცილება.