საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) შეფასებით, სამგზავრო ფრენები წელიწადში დაახლოებით ექვს მილიონ ტონა ნარჩენს წარმოქმნის. ამ მოცულობის დაახლოებით 20% ხელუხლებელი საკვები და სასმელია, რომლის ღირებულება 4 მილიარდი დოლარია.
მსოფლიოში, სადაც 800 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს, ასეთი ნარჩენები მიუღებელია და ეს განსაკუთრებით ეხება ინდუსტრიას, რომელიც ერთგულია მდგრადი განვითარების პრინციპებისადმი, განმარტავენ IATA-ში.
გადამზიდავები გარკვეულ ზომებს მიმართავენ სამგზავრო ფრენებზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესამცირებლად, ძირითადად ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა ერთჯერადი პლასტმასის შემცირება, საბორტე ჟურნალებზე უარის თქმა და გარკვეული სერვისების მიწოდება მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში. თუმცა, საკვების ნარჩენების პრობლემა კვლავ კრიტიკულია.
საერთაშორისო კვების ნარჩენების (ICW) კანონმდებლობა რჩება მთავარ დაბრკოლებად, რომელიც აფერხებს ავიაკომპანიებს ფრენის შემდგომი საკვების ნარჩენების გადამუშავების ან განკარგვის საკითხს. შესაბამისი კანონები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობებმა უკვე მიიღეს, მათ შორის ავსტრალიის, აშშ-ს, კანადისა და ევროკავშირის სახელმწიფოებმა.
ამ კანონის თანახმად, ნებისმიერი საკვების ან სასმელის ხელახლა გამოყენება ან გადამუშავება შეუძლებელია დაბინძურებული ინგრედიენტებიდან დაავადების გადაცემის რისკის გამო. ეს წესი მოქმედებს იმ მკაცრი პირობების მიუხედავად, რომლითაც საკვები მზადდება ბორტზე, რაც შედარებულია NASA-ს მიერ აპოლოს კოსმოსური მისიებისთვის დადგენილ პროცედურებთან.
მანამდე IATA-მ ჩაატარა კვლევა სალონში საკვების ნარჩენებთან დაკავშირებული რეალური რისკების შესახებ და დაადგინა, რომ საფრთხე ადამიანისა ან ცხოველის ჯანმრთელობისთვის მინიმალურია. მაგალითად, ღორს რძის პროდუქტებიდან მწვავე ვირუსული დაავადება თურქულით დასნებოვნებისთვის სჭირდება 125 ლიტრი რძე. თუ ამას განვიხილავთ ბორტზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტექსტში, მაშინ ეს ნაღების 10 ათასზე მეტი ქილაა.
სანამ საავიაციო სექტორის აღდგენა გრძელდება, დისკუსიები ინდუსტრიაში ნარჩენების გადამუშავების თემაზე გაგრძელდება და IATA-ს ექსპერტების აზრით, პირველ რიგში, ამ საკითხში არსებული კანონმდებლობა უნდა გადაიხედოს.