ეარფლეინ ტექნიკსს საინვესტიციო ვალდებულება არ შეუსრულებია, – ასეთია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული აუდიტის შედეგები.
აუდიტი აღნიშნავს, რომ გაფორმებული ხელშეკრულებით, შპს „ეარფლეინ ტექნიკსს“ 49 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადაეცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული 43,524 კვ.მ მიწის ფართი.
აღნაგობის ხელშეკრულება ითვალისწინებს არანაკლებ 15 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას, რაც მოიცავს საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის, საჰაერო ხომალდების სამღებრო ანგარის, საჰაერო ხომალდების სადგომისა და სამიმოსვლო ბილიკის მოწყობას.
“ტექნიკური მომსახურების ცენტრის, სამიმოსვლო ბილიკისა და ხომალდების სადგომის
მშენებლობის დასრულების პერიოდად განსაზღვრულია ხელშეკრულების საჯარო
რეესტრში რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 24 თვე − 2017 წლის 16 სექტემბერი.
აღნიშნულ თარიღამდე ხელშეკრულების საგნით გათვალისწინებული ვალდებულება შპს
„ეარფლეინ ტექნიკსს“ არ განუხორციელებია. თუმცა აღსანიშნავია, რომ სამუშაოები
დაწყებულია და აღნაგობის უფლების მქონე ყოველთვიურად იხდის აღნაგობის
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საზღაურს − 22,000 ლარს. 2017 წლის ბოლოსათვის, განსახორციელებელი სამუშაოების შეუსრულებლობის გამო დასაკისრებელი საჯარიმო სანქცია შეადგენდა 31,800 ლარს”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
იქვე მითითებულია, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხელშეკრულებაში შესატანი შესაძლო ცვლილებებისა და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე.