აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კომერციული ავიაკომპანიების პილოტებისთვის სავალდებულო საპენსიო ასაკის გაზრდას 65-დან 67 წლამდე, რადგან ინდუსტრია მუდმივი დეფიციტის წინაშე დგას.

საპენსიო ასაკის მატებას მხარი კომიტეტის 32 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 31.

რეგიონული ავიაკომპანიების ასოციაციის პრეზიდენტმა ფეი მალარკი ბლეკმა თქვა, რომ ზრდა მცირე იქნება, მაგრამ გრძელვადიანი გადაწყვეტილების მისაღებად დრო ჯერ კიდევ არსებობს.

ჯერჯერობით უცნობია, შედის თუ არა პუნქტი საპენსიო ასაკის ამაღლების შესახებ კანონპროექტში, რომელიც გაახანგრძლივებს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) უფლებამოსილებებს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, თუ კონგრესის პალატა მას ცალკე კენჭს უყრის, – იუწყება CNBC.

ავიაკომპანიების პილოტთა ასოციაცია (ALPA), რომელიც არის უმსხვილესი გაერთიანება ქვეყანაში და რომელიც წარმოადგენს ისეთი ძირითადი ავიაკომპანიების თანამშრომლების ინტერესებს, როგორიცაა Delta Air Lines და United Airlines Holdings, საპენსიო ასაკის გაზრდას ეწინააღმდეგება.

”ეს არის დაუფიქრებელი გადაწყვეტილება, რომ შევიტანოთ ცვლილება პილოტებისთვის საპენსიო ასაკის შესაცვლელად, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სააგენტოების კონსულტაციისა და ამგვარი ცვლილების პოტენციური შედეგების შესწავლის გარეშე, როგორც ეს გაკეთდა სხვა შემთხვევებში,” – თქვა ALPA-მ.

ბოლოს კონგრესმა პილოტებისთვის საპენსიო ასაკი 2007 წელს გაზარდა, 60-დან 65 წლამდე.