2022 წლის აპრილში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 18%-ით შემცირდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის აპრილში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 418,179 ტონა შეადგინა, 2021 წლის აპრილში კი  1 736,127  ტონა.

შესაბამისად კლება 18,31%-ია.

აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით ზრდა 61,58%-ა. 2020 წლის აპრილში აეროპორტი 877,708 ტონა ტვირთს მოემსახურა.

2019 წლის აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 1 698,773 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის აპრილში  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 16,52%-იანი კლება დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.