ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის ყველაზე გამორჩეული ტურისტული ადგილების გაცნობას და დღეს ანტიკურ ქალაქ ტროას გაგაცნობთ, რომელიც 1998 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს.
ტროა მოგეხსენებათ, მსოფლიოს ყველაზე განთქმულ ანტიკურ ქალაქს წარმოადგენს და მრავალი ლეგენდა არსებობს მის შესახებ. ზოგიერთები მას “გმირობის, სიყვარულის და ცივილიზაციის აკვანს“ უწოდებენ.
ჩანაქკალეს, იგივე დარდანელის სრუტიდან 4,5 კმ-ით არის დაცილებული და კაზდაღის, ე.წ. ოლიმპოს მთის კალთებზე მდებარე ამ ქალაქის ისტორია ჩ.წ.-მდე 3 ათასიანი წლებიდან იწყება.
სწორედ ამ ქალაქზე საუბრობს ჰომეროსი თავის უკვდავ ილიადას ლეგენდაში, ხოლო ერთი სხვა მითოლოგიის მიხედვით კი, მსოფლიოში პირველი სილამაზის კონკურსიც აქ გამართულა, რომლის მონაწილენი ჰერა, აფროდიტე და ათენა ყოფილან. აფროდიტე კონკურსის თავჯდომარეს, განთქმულ მწყემს პარისს, სპარტის მეფის ქალიშვილის ელენას შერთვას შეჰპირდება და ისიც ყველაზე ლამაზ ქალაქდ აფროდიტეს აირჩევს. ამის შემდეგ პარისი ელენეს გაიტაცებს და ტროას შეაფარებს თავს, რაც სათავეს დაუდებს მრავალწლიან ომს აქაველებსა და ტროელებს შორის, რომელშიც ხან ერთი მხარე იმარჯვებდა, ხან მეორე.
ჩ.წ.-მდე 1180 წელს, აქადელებმა მზაკვრობას მიმართეს და ტროას კარიბჭის წინ ფიცრისგან დიდი ცხენის ფიგურა ააგეს, რომელშიც ჩუმად ჩასვეს ბერძენი მეომრები, ხოლო თვით კი უკან დახევა დაიწყეს. როცა დაღამდა და მხიარული ნადიმით მოქანცულმა ტროელებმა დაიძინეს, აქაველებმა ხის ცხენიდან გამოაღწიეს და ქალაქის კარიბჭე გახსნეს. ამასობაში ხომალდებიც უკან მობრუნდნენ. ბერძნები ყიჟინით შეცვივდნენ ტროაში და უმოწყალოდ ააწიოკეს და ააოხრეს იგი.
ამის შემდეგ ეს ქალაქი კიდევ რამდენჯერმე დაანგრიეს და ააშენეს, ხოლო ჩ.წ მე-14 საუკუნიდან იგი მნიშვნელობას კარგავს და ნასახლარად იქცევა.
1871 წელს აქ გათხრები დაიწყო შლიმანმა და თეატრები, ბაზრები, მოედნები, ტაძრები, აბანოები და სხვა ნაგებობები აღმოაჩინა. სულ კი არქეოლოგებმა ტროაში სხვადასხვა კულტურის 9 ფენა აღმოაჩინეს
ტროაში ჩასასვლელად ჩანაქკალეში უნდა ჩახვიდეთ, სადაც პირველი მსოფლიო ომის ყველაზე ფართომასშტაბიანი ომი გაიმართა თურქებსა და ანტანტის ძალებს შორის და თურქებმა კბილებამდე შეიარაღებული ევროპელები სასტიკად დაამარცხეს და სტამბოლისკენ წასვლის საშუალება არ მისცეს მათ. აქვეა ანტიკური ქალაქი ასოსი, რომლის ათენას ტაძრის ნანგრევები დღესაც აოცებს მნახველებს.
გიწვევთ ამ რეგიონში მოგზაურობას და გარანტიას გაძლევთ, რომ არ ინანებთ, მაშ, გელით ლეგენდებისა და მითოლოგიების დედაქალაქ ანტიკურ ქალაქ ტროაში.