ანტალია მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ტაურუსის მთებსა და ხმელთაშუა ზღვას შორის. ანტალია წარმოადგენს თურქეთის ტურიზმის ინდუსტრიის ცენტრს, რომელიც თურქეთში ჩამოსული უცხოელი ტურისტების 30%-ს იზიდავს.  უნიკალური სილამაზით, ისტორიით, კულტურითა და არქეოლოგიური სანახაობებით, ანტალია გთავაზობთ საუკეთესო მოგზაურობას, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ.

თურქეთის ეს უდიდესი საკურორტო ქალაქი ჩვენს გონებაში მხოლოდ ზღვასთან და ლამაზ სასტუმროებთან ასოცირდება, თუმცა, გარდა ამისა, ანტალია გამოირჩევა უფრო მრავალფეროვანი სანახაობით, სხვადასხვა აქტივობით (რაც უკავშირდება საზღვაო თუ სპორტულ ტურიზმს),  ისტორიული ღირსშესანიშნაობებითა და მრავალი დასალაშქრი ადგილით, რომელთა მონახულებაც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ანტალიაში ტურისტული სეზონი ფაქტობრივად, იხსნება 21 მაისიდან და ამ დროიდან იგი უკვე აქტიურად იღებს დამსვენებლებს.  სეზონი სექტემბრის ბოლომდე, მაქსიმუმ ოქტომბრის პირველ რიცხვებამდეა. ივლისი და აგვისტო აქ შედარებით ცხელია, ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, თუმცა გასაგრილებლად კამკამა ზღვა და აუზები ყოველთვის იქნება, რომელთა სიახლოვესაც შეგიძლიათ ცივი სასმელებიც დააგემოვნოთ.

კულტურული ღირსშესანიშნაობები

ანტალია კულტურული მიმართულებით ძალიან საინტერესო ქალაქია. აქ მრავალი ისტორიული თუ კულტურული ღირსშესანიშნაობა დაგხვდებათ, რომლებიც შორეულ წარსულში გამოგზაურებთ. მის ისტორიულ ცენტრში, სახელად კალეიჩი (Kaleiçi) მრავალი ნაგებობა მდებარეობს, რომლებიც ოსმალეთის პერიოდით თარიღდება.  ეს არის ტერიტორია, რომელიც გარშემორტყმულია ძველი ნავსადგურის კედლებით. უნდა აღინიშნოს Საათის კოშკიც. იგი  პორტის თავზე დგას და ანტალიის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. ასევე ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ ჰიდირლიკის რომაულ კოშკზეც (Hidirlik Tower). მკვლევარებმა დაადგინეს, რომ იგი აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში ყურის და როგორც ჩანს, იმ დროს იგი შუქურის ფუნქციას ასრულებდა ან თავდაცვისთვის საიმედო დასაყრდენ ადგილს წარმოადგენდა, სადაც ამჟამად კალეიჩის და კარაალიოღლუს პარკები მდებარეობს. უნდა აღვნიშნოთ ათათურქის სახლ-მუზეუმიც. ეს არის ადგილი, რომელიც სავსეა ათათურქის ანტიკვარული ავეჯით, ფოტოებითა და პირადი ნივთებით.

აქ თუ მოხვალთ, აუცილებლად უნდა ნახოთ ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც გიამბობთ ძველი თურქების ცხოვრების წესსა და ტრადიციებზე.   ასევე საგულისხმოა ანტალიის არქეოლოგიური მუზეუმი. მის მიმდებარე ტერიტორიებზე მკვლევარებისა და არქეოლოგების მიერ მრავალი  ისტორიული ადგილია აღმოჩენილი.

ბარები, პაბები და კლუბები ანტალიაში

ღამის ცხოვრება ანტალიაში ძირითადად მიმდინარეობს ძველ ქალაქ კალეიჩში, პორტსა და კონიაალტის სანაპიროზე. ძველ ქალაქ კალეიჩის ვიწრო ქუჩებში ნახავთ ბარებს, პატარა კლუბებსა და  ლამაზ რესტორნებს. რაც შეეხება კვებას,  ამ ქალაქში ბევრი კარგი რესტორანია თურქული თუ საერთაშორისო სამზარეულოთი. ყველაზე საინტერესო კვებითი დაწესებულებები მდებარეობს ანტალიის ძველ ქალაქში და კლდის მხარეს, საათის კოშკიდან კონიაალტის სანაპირომდე.

საბოლოოდ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ანტალიას და გაატაროთ დაუვიწყარი დღეები ამ ქალაქში.