ავიაკომპანია Alaska Airlines-ის Boeing 737-700 ალასკაში, იაკუტატის აეროპორტში დაფრენისას დათვს შეეჯახა. 

აშშ-ს ტრანსპორტის სამინისტროში განმარტავენ, რომ აეროპორტის თანამშრომლებმა დაფრენამდე 10 წუთით ადრე ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი გაასუფთავეს და რეისის მისაღებად მოემზადნენ, თუმცა ველური ცხოველი ვერ შენიშნეს.

როდესაც თვითმფრინავი დასაფრენად შესვლის ფაზაში იმყოფებოდა, პილოტებმა ორი დათვი დაინახეს, რომლებიც ასაფრენ/დასაფრენ ბილიკს კვეთდნენ.

Alaska Airlines-ში განაცხადეს, რომ თვითმფრინავის ცხვირი ცხოველებს არ შეეხო, თუმცა ხომალდის მეთაურმა თვითმფრინავის მარცხენა მხარეს დარტყმა იგრძნო.

გარდაცვლილი ცხოველი პილოტმა მაშინ შენიშნა, როდესაც ის სადგომისკენ მიემართებოდა. მეორე დათვი არ დაშავებულა. 

თვითმფრინავის შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ დათვმა მარცხენა ძრავის საფარი დააზიანა. რამდენიმე დღიანი სარემონტო სამუშაოების გამო კი Boeing 737-700 ექსპლუატაციიდან დროებით ამოიღეს.

ასეთ ვითარებაში კი ავიაკომპანიამ მგზავრებს, რომლებიც იაკუტატიდან უნდა გაფრენილიყვნენ, სხვა ალტერნატივა შესთავაზა.

https://twitter.com/CockpitChatter/status/1328194447843094528?s=20