ავიაკომპანიებს კოვიდ-19-ის ვაქცინების ეფექტურად დისტრიბუცია გაუჭირდებათ, თუ მგზავრობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შემსუბუქდა – აცხადებენ ავიაკომპანიების წარმომადგენლები. გაფრთხილება დღეს საერთაშორისო ავია-სატრანსპორტო ასოციაციამ (IATA) გაავრცელა, რომელიც მთავრობებისგან ითხოვს, კარანტინი და მგზავრობის შეზღუდვა ხშირი ტესტირებით ჩაანაცვლოს. 

“თუ საზღვრები ჩაკეტილი დარჩა, მგზავრობა შეზღუდული, გადაზიდვები შემცირებული და თანამშრომლები სამსახურიდან დათხოვილი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინების მიწოდება დიდი ალბათობით, შეუძლებელი გახდება” – ნათქვამია ასოციაციის დღევანდელ განცხადებაში.

კომპანია “მოდერნამ” დღეს განაცხადა, რომ მათი ვაქცინა კლინიკურ ცდებში 94.5%-იან ეფექტურობას აჩვენებს. ერთი კვირით ადრე კი მისმა კონკურენტმა “ფაიზერმა” თქვა, რომ მათ ვაქცინას კოვიდ-19-ის პრევენციაში 90-პროცენტიანი შედეგი აქვს.

ორივე ვაქცინის, და კიდევ რამდენიმე მოწინავე ეტაპზე მყოფი ვაქცინის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ტრანსპორტირება დასჭირდება და თან ნულ ტემპერატურაზე გაცილებით დაბალ, მინუს 70-80 გრადუსზე შენახვა. ეს ყოველივე სერიოზულ ლოჯისტიკურ პრობლემებს შექმნის.

იმ მგზავრებს შორის, ვინც თვითმფრინავის ბილეთს იძენს და სადმე მიფრინავს, ხშირად ბევრმა არ იცის, რომ სამგზავრო თვითმფრინავების დიდ ნაწილს 45% ტვირთიც გადააქვს. ფრენები ახლა მინიმუმზეა დაყვანილი და ლიმიტირებული გადაზიდვების გამო, ტვირთის თვითღირებულებაც იზრდება. 

ყოველივე ამის გამო, რუტინული იმუნიზაციის პროგრამებიც შეზღუდულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და “იუნისეფი” აცხადებენ, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, “ძალიან დიდი პრობლემები აქვთ გეგმიური იმუნიზაციის პროგრამების შესრულების მიმართულებით. ამის ერთ-ერთი მიზეზი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვაა” – აცხადებს საერთაშორისო ავია-სატრანსპორტო ასოციაცია.

ინფიცირების პრევენციისთვის, ვაქცინები განვითარებულ ქვეყნებშიც უნდა გაიგზავნოს. და ეს მაშინ, როცა განვითარებულ, ინდუსტრიულ ქვეყნებშიც კი შეზღუდულია ფრენები და გადაზიდვები – უთხრა “როიტერს” გლინ ჰაგსმა, საერთაშორისო ავია-სატრანსპორტო ასოციაციის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ვაქცინების შექმნა და წარმოება ცალკე საკითხია, მაგრამ მათი ფართო დისტრიბუცია და ვაქცინაცია, სულ სხვა პრობლემებს და გამოწვევებს უკავშირდება. გლინ ჰაგსის თქმით, ვაქცინების მასობრივი დისტრიბუციის სამზადისამდე, მთავრობებმა ძველი რეისები უნდა განაახლონ, მანამდე კი მასობრივი ტესტირება დაიწყონ.

ვაქცინაციამდე, “მთავრობებს ბევრი თვე დასჭირდებათ იმისთვის, რომ დაგეგმვის ციკლისთვის მოემზადონ და ის გაიარონ” – ამბობს საერთაშორისო ავია-სატრანსპორტო ასოციაციის ხელმძღვანელი. ის დარწმუნებულია იმაში, რომ “ამისთვის სამგზავრო რეისების აღდგენა, საჰაერო დერეფნების გახსნა და ტესტირების პროცედურების დამკვიდრებაა საჭირო”.

წყარო: ამერიკის ხმა