Airbus-მა Qatar Airways-ს A350-1000 მოდელის თვითმფრინავის მიწოდებაზე კონტრაქტი გააუქმა და გაწყვიტა ყველა საქმიანი ურთიერთობა ახლო აღმოსავლეთის ავიაკომპანიასთან.

Airbus-ი და Qatar Airways-ი უკვე ხანგრძლივ დავაში არიან Airbus A350 თვითმფრინავების საღებავის პრობლემებთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემის გამო. Airbus-ი აღიარებს ხარისხის პრობლემას, თუმცა ადანაშაულებს ავიაკომპანიას იმაში, რომ ის პრობლემას უსაფრთხოების საკითხად ასაღებს, რათა კომპენსაცია მოითხოვოს.

Qatar Airways იყო პირველი ავიაკომპანია, რომელმაც 2015 წელს A350-ით ფრენები დაიწყო. ავიაგადამზიდავი Airbus-ს მინიმუმ 1,4 მილიარდ დოლარს სთხოვს, მას შემდეგ, რაც იძულებული გახდა 20-ზე მეტი A350-ის გამოყენება, კატარის საავიაციო მარეგულირებლის მოთხოვნით, საღებავის პრობლემების გამო შეეჩერებინა. დასკვნის მიხედვით ეს უკანასკნელი ისეთი ხასიათისაა, რომელიც საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას.

შედეგად Qatar Airways-მა უარი თქვა შეკვეთით დამატებითი თვითმფრინავების მიღებაზე, ვიდრე Airbus-ი წარმოშობილი პრობლემების შესახებ დეტალურ ახსნა/განმარტებას არ გააკეთებდა. ევროპული მარეგულირებლების მხარდაჭერით, Airbus-მა აღიარა თვითმფრინავის ხარისხის პრობლემები, მაგრამ უარყო უსაფრთხოების რაიმე რისკი.

ამის საპასუხოდ, Airbus-მა დაიწყო კონტრაქტების გაუქმება A350-ების მიწოდებაზე. დავის შედეგად, Airbus-მა ასევე შეწყვიტა ცალკე კონტრაქტი Qatar Airways-ისთვის სხვა ტიპის Airbus A321neo თვითმფრინავის მიწოდებაზე.

ივნისის ბოლოსთვის Airbus-ს უნდა მიეწოდებინა 19 ერთეული 350-1000 თვითმფრინავი Qatar Airways-ისთვის, რომელთა ღირებულება 3 მილიარდი დოლარი იყო.

არცერთი A350 ოპერატორი, მათ შორის ის ავიაკომპანიები, რომლებსაც მსგავსი პრობლემები შეექმნათ არ შეუერთდა Qatar Airways-ის სარჩელს Airbus-ის წინააღმდეგ. მხარეებს შორის მთავარი სასამართლო პროცესი ლონდონის სასამართლოში, სავარაუდოდ 2023 წლის ივნისში გაიმართება.