ავიაკომპანია Air France-მა თავის მგზავრებს უფლება მისცა, პარიზიდან გამგზავრებისას ბარგი აეროპორტში არ მიიტანონ, არამედ ის პირდაპირ საფრანგეთის დედაქალაქში ან მის გარეუბნებში ჩააბარონ.
ამის გაკეთება შესაძლებელია თვითმფრინავის დაგეგმილ გამგზავრებამდე 30-დან 4 საათამდე პერიოდში.
ჯერჯერობით სერვისი ხელმისაწვდომია პარიზის ხუთ სასტუმროში და მთავარ საგამოფენო ცენტრებში, თუმცა ავიაკომპანია მუშაობს იმაზე, რომ ბარგის ჩაბარება პირდაპირ სახლიდან იყოს შესაძლებელი.
სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მოგზაურებს, რომლებიც მიემგზავრებიან საფრანგეთის უდიდესი აეროპორტიდან – პარიზის შარლ დე გოლიდან. პარიზის ორლის აეროპორტიდან გამგზავრებისას ქალაქში ბარგის ჩაბარება მოგვიანებით იქნება შესაძლებელი.
ფრენისთვის ჩემოდნების დისტანციური შემოწმება ფასიანი მომსახურებაა. ერთი ჩემოდანი 25 ევრო ღირს, ორი – 35 ევრო.
Air France-ის კონტრაქტორი არის სტარტაპი Alltheway. სწორედ მისი თანამშრომლები იღებენ ნივთებს პარიზის და გარეუბნების პუნქტებიდან და მიაქვთ აეროპორტის სარეგისტრაციო დახლებზე.
თვითმფრინავში ჩატვირთვამდე, ბარგი საგულდაგულოდ შემოწმდება ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე, აცხადებენ Air France-ში.
მგზავრები, რომლებიც ქალაქში ჩააბარებენ ჩემოდანს, ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის საშუალებით შეძლებენ ნივთების ადგილმდებარეობის შემოწმებას. ამისათვის კი მენიუში უნდა აირჩიონ “Follow my bag”.