SkyUp Airlines-ი აგვისტოში 211 889 მგზავრს მოემსახურა და საერთო ჯამში 1 231 რეისი განახორციელა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2019 წლის აგვისტოში SkyUp Airlines-მა 1103 რეისი შეასრულა და 186 131 მგზავრის ტრანსპორტირება მოახდინა. შესაბამისად, აგვისტოს მაჩვენებლებით SkyUp Airlines-მა COVID-19-მდე არსებულ მაჩვენებლებთან დაახლოება და მგზავრთნაკადის აღდგენა მოახერხა. 

2020 წლის აგვისტოში უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ 926 ჩარტერული და 305 რეგულარული რეისი შეასრულა.

რაც შეეხება საქართველოს ავიაბაზარს, SkyUp Airlines-მა აგვისტოში კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე 3 ჩარტერული რეისი შეასრულა, თუმცა არსებული შეზღუდვებისა და რეგულაციების მიხედვით, მგზავრებს მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე მოემსახურა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, აგვისტოში SkyUp Airlines-ი უკრაინა-საქართველოს შორის სულ 673 მგზავრს მოემსახურა. 

კომპანიის ინფორმაციით, აგვისტოში SkyUp Airlines-მა 7 ტონა ტვირთი გადაიტანა. აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირება სამგზავრო რეისებით მოხდა.
აგვისტოში SkyUp Airlines-ის პუნქტუალურობის მაჩვენებელმა 91.5%-ი შეადგინა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ აგვისტოში განხორციელებული რეისების 91.5%-ი დროის სრული სიზუსტით შეასრულა.