2021 წლის აგვისტოში საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული რეისების მიხედვით ლიდერი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways Cargo გახდა, რომელიც ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს სულ რამდენიმე თვეა შეუერთდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ აგვისტოში Georgian Airways Cargo-მ 34 რეისი შეასრულა და მთლიანობაში თვის განმავლობაში 152,111 ტონა ტვირთს მოემსახურა. შესრულებული რეისების მიხედვით კი Georgian Airways Cargo აგვისტოში საქართველოს კარგო ტვირთების ბაზარზე შესრულებული რეისებით ნომერ პირველი კომპანიაა.

“საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე Georgian Airways-ი რამდენიმე თვის წინ შევიდა. Georgian Airways Cargo-მ აგვისტოში ტვირთების ტრანსპორტირება თბილისსა და ურუმჩს, მაკაუს, ლონდონს, თელ ავივსა და დუბაის შორის განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ახალი მოთამაშეები ვართ, საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. Georgian Airways Cargo-ს ფაქტობრივად პანდემიის პირობებში მოუწია შექმნა და ოპერირების დაწყება. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ თვეებში სტატისტიკურ მაჩვენებლებს კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესებთ, ჩვენი კომპანიის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება და უფრო მეტ აეროპორტში დაფიქსირდება ქართული დროშის ქვეშ მფრინავი საჰაერო სატვირთო ხომალდი. დღეისათვის მხოლოდ ჩარტერულ სატვირთო რეისებს ვასრულებთ, თუმცა სამომავლოდ რეგულარული რეისების დაწყებასაც ვაპირებთ”, განაცხადა Georgian Airways Cargo-ს ხელმძღვანელმა ირაკლი მეზვრიშვილმა.

დღეისათვის Georgian Airways Cargo მხოლოდ ერთი საჰაერო ხომალდით ოპერირებს. ავიაკომპანიის ფრენების ოპერატორია შპს “ლოგოსი”. სატვირთო ავიაკომპანიასა და “ლოგოსს” 1 წლიანი სამუშაო ხელშეკრულება აკავშირებთ. 

2021 წლის მაისში ავიაკომპანიას გადაზიდული ტვირთების მიხედვით ავიაკომპანიების TOP-5-ში მეხუთე ადგილი ეკავა, ივნისსა და ივლისში კი უკვე ერთი ნაბიჯით დაწინაურდა მეოთხე პოზიციაზე იყო. აგვისტოს მაჩვენებლებით კი გადაზიდული ტვირთნაკადით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიას შორისაა. 

მაშ ასე, შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ასევე ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky, რომელმაც აგვისტოში პერიოდში 25 რეისი განახორციელა.

შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე თურქული სატვირთო კომპანია Turkish Cargo, რომელმაც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 11 რეისი შეასრულა. ბელორუსულმა სატვირთო გადამზიდავმა Rubystar Airways-მა კი საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე აგვისტოში 11 რეისი განახორციელა. 

განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზეა უნგრული სატვირთო ავიაგადამზიდავი Fleet Air International-ი. Fleet Air International-მა აგვისტოში 9 სატვირთო რეისი შეასრულა. 

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.