საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 5,4%-იანი ზრდაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 2019 წლის იანვარ-სექტემბერში რეგულარული და არარეგულარული რეისებით 4 მლნ 139 ათას 955 მგზავრს მოემსახურა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 მლნ 927 ათას 865 მგზავრს. შესაბამისად, ზრდამ 5,4% შეადგინა, თუკი მიმდინარე მაჩვენებლებს 2017 წლის იანვარ-სექტემბერთან შევადარებთ მაშინ საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 29,08%იანი ზრდა ფიქსირდება.
სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაფიქსირებული მაჩვენებელი დაახლოებით 9-10%-ით ჩამორჩება საპროგნოზო მონაცემებს მოცემული პერიოდისთვის (მგზავრთნაკადის ზრდის 9 თვის ჯამური მაჩვენებელი დაახლოებით 14-15% უნდა ყოფილიყო), რაც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას უკავშირდება.