მთავარი რეიტინგები 7 410 ლარი ერთი ღამისთვის – ძვირადღირებული სასტუმროები აჭარაში

7 410 ლარი ერთი ღამისთვის – ძვირადღირებული სასტუმროები აჭარაში

1096

2018 წლის ივნისში, booking.com-ის მონაცემებით, აჭარაში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროებია: „ეიფორია“ „შერატონი“, „ჰილტონი“ და „ველმონდი“ – ბათუმში, „კასტელო მარე“ – ციხისძირში და „ჯორჯია პალასი“ – ქობულეთში. რა ღირს ექსკლუზიური ნომრები ამ სასტუმროებში? ჩამონათვალში მითითებულია ერთი ღამის ფასი, ივნისი-ივლისის მონაცემებით, booking.com-ზე მითითებული ფასების მიხედვით. ფასები სეზონურად იცვლება, თუმცა ტენდენცია ნარჩუნდება. სასტუმროს ნომრებზე ფასები პიკს, ტრადიციულად, აგვისტოში აღწევს.

ნომერი სასტუმრო „ეიფორიაში“ – 7 410 ლარი

საპრეზიდენტო ნომერი 200 კვ მეტრია, ნომერში მაქსიმუმ ორი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. booking.com-ზე აღნიშნულია, რომ ნომრის ფასში არ შედის საუზმე, სტუმარმა საუზმისთვის 50 ლარი უნდა გადაიხადოს.

პენტჰაუსი სასტუმრო „შერატონში“ – 6 705 ლარი

პენტჰაუსის ფართობი 303 კვ მეტრია და აქ ექვს ადამიანს შეუძლია განთავსდეს. პენტჰაუსი სასტუმროს 21-ე სართულზე მდებარეობს, აქვს ჯაკუზი ზღვაზე ხედით.

საპრეზიდენტო ნომერი სასტუმრო „ველმონდში“ – 4 940 ლარი

ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ ეს ყველაზე ძვირადღირებული ნომერია. ნომრის ფართობი 175 კვ მეტრია. აქვს ორი საძინებელი. სასტუმროს ნომერი ზღვასა და ქალაქს გადაჰყურებს.

საპრეზიდენტო ნომერი „დოლჩე ვიტა“ სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ – 4 890 ლარი

ქობულეთში მდებარე სასტუმროში ამ ნომრის ფართობი 130 კვ მეტრია. აქვს ტერასა. აქ დარჩენა ორ ადამიანს შეუძლია.

საპრეზიდენტო ნომერი სასტუმრო „ჰილტონში“ – ერთი ღამის ფასი 2 717 ლარი

„ჰილტონის“ საპრეზიდენტო ნომრის ფასი, ორ ადამიანზე, პირველი ივლისის მონაცემებით, 1109 დოლარის ექვივალენტია ლარში. ამ ფასს ემატება დღგ. საპრეზიდენტო ნომრის ფართობი 191 კვ მეტრია. ფანჯრები ზღვასა და ქალაქს გადაჰყურებს, აქვს ორი სააბაზანო, ორი საძინებელი, ასევე სამზარეულო და ტერასა, შესაძლებელია ოთხი ადამიანის განთავსებაც.

სამეფო ნომერი სასტუმრო „კასტელო მარეში“ – ერთი ღამის ფასი 3 000 ლარი

ციხისძირში მდებარე „კასტელო მარეში“ ყველაზე ძვირადღირებული, ე.წ. „სამეფო ნომრის“ ფართობი 206 კვმ მეტრია. ნომერი აღმოსავლურ სტილშია გადაწყვეტილი, ჭარბობს ოქროსფერი და ცისფერი.

განსაკუთრებულ ნომრებზე ფასები ისეთ სასტუმროებში, როგორიცაა: „ინტურისტ პალასი“, „რედისონ ბლუ“, „მარინა კოლიზეუმი“ და ა.შ. ივნისის ბოლოს 700 ლარიდან იწყება 1300 ლარამდე აღწევს. სასტუმროებში შესაძლებელია უფრო იაფფასიანი ნომრების დაჯავშნაც.

ფოტოები: სასტუმროები, booking.com

http://batumelebi.netgazeti.ge