სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ინფორმაციით, 5 თვის განმავლობაში (მიმდინარე წლის 1 აპრილიდან – 1 ოქტომბრამდე), სააგენტოს უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების რეგისტრაციის ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირდა უპილოტო საჰაერო ხომალდების 306 ოპერატორი, აქედან 292 ფიზიკური პირი, ხოლო 12 იურიდიული პირი;

პლატფორმაზე აიტვირთა 119 დრონის მონაცემი, მათ შორის 4 თვითნაკეთი უპილოტო საჰაერო ხომალდის;

101-მა მომხმარებელმა წარმატებით ჩააბარა A1-A3 ტესტი (ხალხის სიახლოვეს ფრენა; ფრენა ხალხისგან შორს);

46-მა მომხმარებელმა წარმატებით ჩააბარა A2 ტესტი (ფრენა ხალხისგან უსაფრთხო მანძილზე);

სააგენტოს მიერ, განხორციელდა კომპანია „კოპტერ.ჯი“-ს სერტიფიცირება და სამუშაო ადგილზე ინსპექტირება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ გვერდზე (www.gcaa.ge) ამოქმედდა უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების რეგისტრაციის ონლაინ პლატფორმა: https://uas.gov.ge/

ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, შესაძლებელია 250 გრამზე მეტი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების) ელექტრონული რეგისტრაცია. ანგარიშის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დაარეგისტრირონ კუთვნილი უპილოტო საჰაერო ხომალდი და გაიარონ „ღია კატეგორიაში“ ექსპლუატაციისთვის სავალდებულო დისტანციური პილოტების კომპეტენციის დამადასტურებელი ონლაინ ტესტირება.

უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციისთვის აუცილებელია სავალდებულო ველების შევსება. აირჩიეთ უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენების სფეროები (ჰობი, ფოტოგრაფია, კომერცია, სოფლის მეურნეობა, სარბოლო და სხვა) და მიჰყევით ინსტრუქციას. უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია უფასოა.

ღია კატეგორიაში უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისათვის აუცილებელი ონლაინ თეორიული გამოცდის ჩაბარებისთვის, მომხმარებელმა საჭიროა გადალახოს 75%-იანი ზღვარი. ონლაინ ტესტირების საგამოცდო საკითხები განსხვავდება ქვეკატეგორიების მიხედვით. კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით. ონლაინ ტესტირება უფასოა.

დარეგისტრირდით პლატფორმაზე და მიიღეთ საინფორმაციო და სავალდებულოდ შესასრულებელი შეტყობინებები დრონების უსაფრთხო ოპერირებასთან დაკავშირებით, ასევე ყველა საჭირო ინფორმაცია, უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე.