საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოლდოვის უმსხვილესი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისათვის ინფოტური გამართა.  ავიაკომპანია “Air Moldova-სთან თანამშრომლობით საქართველოს 18 ტუროპერატორი და ავიაკომპანიის წარმომადგენელი ეწვია. ინფოტურის ფარგლებში მოლდოველმა ტუროპერატორებმა ქართველი კოლგები გაიცნეს. B2B ფორმატის ფარგლებში მოწყობილ  შეხვედრაზე ერთობლივი ტურები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა ტუროპერატორებთან, რომლებიც მოლდოვიდან ჩამოვიდნენ. ეს ტურისტული კომპანიები ძლიერი მოთამაშეები არიან როგორც მოლდოვის, ასევე რუმინეთის ტურისტულ ბაზარზე. ვფიქრობ ამ შეხვედრას კარგი პერსპექტივა აქვს, ჩვენს  პარტნიორებს  მაღალი ინტერესი აქვთ საქართველოს მიმართ“,-განაცხადა ტურისტული კომპანია „ლეჯენდ თრეველის“ წარმომადგენელმა იანის ონუფრიადისმა.

„თბილისსა და კიშინეუს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო კვირაში 4 სიხშირით. ჩვენ წარმოვადგენთ ავიაკომპანიას  “Air Moldovaდა საქართველოში მოლდოვის მთავარ ტუროპერატორებთან ერთად ვიმყოფებით. ჩვენი მიზანია უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება ტურიზმის სფეროში საქართველოსა და მოლდოვას შორის. იმედი გვაქვს ამ შეხვედრების შედეგად მოლდოვიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტების რაოდენობა გაიზრდება“-აცხადებს ავიაკომპანიის “Air Moldova წარმომადგენელი ნატალია სპესივცევა.

ტურის ფარგლებში მოლდოველი ტუროპერატორები თბილისს, მცხეთას, ბორჯომსა და ბაკურიანს ესტუმრნენ. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები სასტუმროებს და სამთო კურორტის ინფრასტრუქტურას გაეცნენ.