გასულ წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ თურქეთის მიერ წარდგენილი რეზოლუცია დაამტკიცა და 30 მარტი ნულოვანი ნარჩენების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
2022 წელს თურქეთმა გაეროს გენერალურ ასამბლეას კლიმატის ცვლილებასთან და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით წინადადება წარუდგინა. შედეგად გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, 30 მარტი ნულოვანი ნარჩენების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. რეზოლუციის მთავარი ინიციატორი ქვეყანა იყო თურქეთი, რომელმაც იგი 105 ქვეყანასთან ერთად წარადგინა.
რას გულისხმობს „ნულოვანი ნარჩენების“ ფილოსოფია?
„ნულოვანი ნარჩენების“ პრინციპი არის ახალი, ეკომეგობრული ცხოვრების სტილის შემუშავება, რა დროსაც ამა თუ იმ ნივთის, ან ცხოველური თუ მცენარეული მასალის ხელახლა გამოყენება ხდება. ამ შემთხვევაში, ესა თუ ის საყოფაცხოვრებო ნივთი ან საკვები არ იყრება, თუ მისი გამოყენება რაიმესთვის კიდევ არის შესაძლებელი. ამით ცხადია, იზოგება და ნარჩუნდება არსებული რესურსები და ნაკლებად ზიანდება გარემო.
ამ პროექტით დასტურდება, რომ თურქეთი არის სამაგალითო ქვეყანა და იგი აქტიურად არის ჩართული ეკოლოგიურ და ბუნების დაცვასთან დაკავშირებულ პროექტებში, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მსოფლიოსთან.
ნულოვანი ნარჩენების პრინციპი თურქული სამზარეულოს მაგალითზე
თურქული სამზარეულო საკვების არხარჯვისა და მცენარეული და ცხოველური ინგრედიენტებით ხელახლა სარგებლობის იდეას ემყარება. მოგეხსენებათ, ვეგეტარიანული სუფრა თურქული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია და აქაც ხდება ნულოვანი ნარჩენების პრინციპის დაცვა. მაგალითად, შემორჩენილი ბრინჯისგან შეიძლება მომზადდეს ღვეზელი ან სუპი, გოგრისგან და ბადრიჯნისგან ტოლმა, ასევე ნარჩენი პურისგან მრავალი სხვა კერძი და სხვ.
მდგრადი ტურიზმი თურქეთში
თურქეთმა ამ წამოწყებით დიდი მაგალითი მისცა გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭოსაც (GSTC), რომელთანაც მან დადო 3-წლიანი ხელშეკრულება.
თურქეთი მსოფლიოში გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მდგრადი ტურიზმის სფეროში მთავრობასთან ერთად ეროვნული პროგრამა შეიმუშავა. აღნიშნული პროგრამა, რომელიც გასულ წელს იქნა მიღებული, მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური და ეკონომიკური სარგებელის მაქსიმალურად გაზრდას, კულტურული მემკვიდრეობის გაძლიერებას, დაცვას და არსებული რესურსების დაზოგვით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. მდგრადი ტურიზმის პროგრამის ფარგლებში, რომელიც თავდაპირველად, განთავსების ობიექტებისთვის შეიქმნა, ეტაპობრივი გადასვლა 2030 წლამდე მოხდება. ამ პროექტის პირველი ეტაპი 2023 წლის ბოლომდე, მეორე -2025, მესამე კი, 2030 წლისთვის დასრულდება.
გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია. იგი არეგულირებს „GSTC-ის კრიტერიუმებით“ ცნობილ ყველა იმ სტანდარტს, რომელიც ტურიზმში მდგრადობის უზრუნველყოფას ემსახურება. დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის მდგრად განვითარებას და მოაგვაროს ამ სფეროში არსებული ყველა პრობლემა.