ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ავიაბაზარს საუდის არაბეთის ავიაკომპანია flyadeal-ი უბრუნდება. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, გასული წლის მსგავსად,  flyadeal-ი მიმდინარე წელსაც თბილისის მიმართულებით ფრენებს რიადიდანჯედადან და დამამიდან განახორციელებს.

TAV Georgia-ში არსებულ განრიგზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ flyadeal-ი ფრენებს ​ივნისიდან შემდეგი სიხშირეებით განაახლებს: რიადი-თბილისი-რიადი კვირაში 3 სიხშირე, ჯედა-თბილისი-ჯედა  კვირაში 3 სიხშირე და დამამი-თბილისი-დამამი კვირაში 2 სიხშირე.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის ავიაკომპანია flyadeal-ი საქართველოს ავიაბაზარზე გასულ წელს შემოვიდა და ფრენებს მხოლოდ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ახორციელებდა. 

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia-ა. ავიაკომპანიამ ოპერირება 2017 წელს შიდა რეისებით დაიწყო და შემდეგ ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა.