2023 წელს აჭარაში ველოდებით 4 მლნ-ზე მეტ ვიზიტორს, ბათუმში არაერთი ისტორიული მნიშვნელობის საქმე გაკეთდა, ქალაქი განსაკუთრებით მოემზადა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად
ყველა არსებული მოლოდინი, დინამიკა გვიჩვენებს, რომ წელს გვექნება უპრეცედენტოდ წარმატებული საზღვაო ტურისტული სეზონი – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში გაორმაგებულია. შესაბამისად ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 102%- ით. აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაცია. ბათუმის ტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობიან BBC-ის, EUronews- ის, DW- ის მილიონობით მაყურებელი. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტშიც. არსებული მონაცემებით ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებებით ფრენების რაოდენობა შეადგენს 360 სიხშირეს, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +42 %-ით. არსებულ მიმართულებებს ივნისიდან დაემატება ფრენები დუბაიდან, თეირანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან. ,,რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაიხსნება ტურისტული სეზონი. მინდა გთხოვოთ და ყველას მოგიწოდოთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ნებისმიერი ხარვეზი და მაქსიმალურად წარმატებით და ეფექტიანად ჩავატაროთ საზღვაო ტურისტული სეზონი. ბათუმში არაერთი ისტორიული მნიშვნელობის საქმე გაკეთდა. განსაკუთრებით მოემზადა ჩვენი ქალაქი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ტემპი, დინამიკა კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ. მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ ველოდებით 4 მლნ ზე მეტ ვიზიტორს და რა თქმა უნდა ბათუმი იქნება ცენტრალური ამ საკითხში“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმი 2023 წელს არაერთი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელია. ქალაქმა უმასპინძლა ფარიკაობის მსოფლიო თასს, ევროპის სოფლად ტურიზმის ასამბლეას, საერთაშორისო ტურნირს კონტაქტურ კარატეში. ბათუმში დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები როგორიცაა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ღონისძიება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბათუმის სტადიონი მსოფლიო დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას, სადაც საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს მზადება საზღვაო ტურისტული სეზონისთვის.