დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2017 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1496 ეკონომიკური სუბიექტი , რომელთაც გააჩნიათ 1595 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება (ადგილობრივი ერთეულების და ფილიალების ჩათვლით).

სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება წარმოადგენს, რომლის წილად მოდის 2017 წელს მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის  58.7 პროცენტი, ინდივიდუალური მეწარმის წილად – 38.7 პროცენტი. დანარჩენ მათგანს გააჩნია სააქციო საზოგადოების (1.3 პროცენტი), სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0.1 პროცენტი) და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის (1.2 პროცენტი) სტატუსი. სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.1 პროცენტი კერძო საკუთრებაშია, ხოლო 0.9 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში.

2017 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1790.3 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა (6.9%-ით მეტი, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით). აქედან იჯარით გაცემულია 30.2 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელმა ფართობმა 882.1 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა (7.4%-ით მეტი, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით).