2017 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 66.9 ათასი ერთეული შეადგინა. ნომრების საერთო რიცხვი 30.7 ათასი ერთეულია, რომელთა 9.9 პროცენტი ლუქსია, 13.1 პროცენტი – ერთადგილიანი, 57.2 პროცენტი – ორადგილიანი, ხოლო 19.8 პროცენტი სამი და მეტი ადგილის მქონე ნომრებია.

2017 წლის განმავლობაში საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 3381.5 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 33.1 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. საქართველოს სასტუმროებს სტუმართა 69.7 პროცენტი საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სტუმრობდა, 30.3 პროცენტი – საქართველოდან. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რუსეთიდან (16.9 პროცენტი) შემოსული სტუმრები.

ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უმეტესობას პოლონეთიდან (20.0 პროცენტი) და გერმანიიდან (17.9 პროცენტი) შემოსული სტუმრები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უდიდესი წილი თურქეთიდან (27.5 პროცენტი) და ირანიდან (20.1 პროცენტი) შემოსულ სტუმრებს უკავია. 2017 წელს გასულ წელთან შედარებით სტუმართა რაოდენობა  რუსეთიდან გაიზარდა  73.6 პროცენტით, თურქეთიდან – 60.8 პროცენტით, ირანიდან 2.4 – ჯერ, უკრაინიდან – 37.0 პროცენტით, აზერბაიჯანიდან – 44.8 პროცენტით, ისრაელიდან – 26.4 პროცენტით, სომხეთიდან – 61.3 პროცენტით, პოლონეთიდან – 1.1 პროცენტით, საუდის არაბეთიდან – 2.2 -ჯერ.

სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების სტატისტიკური გამოკვლევის შედეგების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებთან შედარებისას დაფიქსირდა, რომ ტურისტების (ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე გაათენა საქართველოს ტერიტორიაზე.) 57.9 პროცენტმა ისარგებლა სასტუმროს და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების მომსახურებით, ხოლო დანარჩენი ცხოვრობდა ახლობლის/ნათესავის ბინაში ან განთავსდა საოჯახო სასტუმროებში.