2 წლიანი პაუზის შემდეგ Boeing 737-8 MAX-ით საქართველოს მიმართულებით პირველი ფრენა  განხორციელდა. პოლონურმა ავიაკომპანია LOT Polish Airlines-მა 7 ივნისს ვარშავა-თბილისი-ვარშავას რეისი Boeing 737-8 MAX-ით შეასრულა, რითაც საქართველოს ავიაბაზარზე პირველი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც Boeing 737-8 MAX-სა და Boeing 737-9 MAX-ზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისი შეასრულა.

მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის 13 მარტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) დროებით შეაჩერა Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში.

„Boeing 737 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში იზღუდება დროებით, სანამ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, საავიაციო შემთხვევის მოკვლევის ორგანოებს, შესაბამის საავიაციო ხელისუფლებებს და მწარმოებელ კომპანიას არ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია და მოკვლევის პირველადი შედეგები ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ.
აქვე ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში Boeing 737 MAX ტიპის საჰაერო ხომალდი არ ირიცხება. დროებითი შეზღუდვა საჰაერო მიმოსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს”, – აღნიშნული იყო 2019 წლის 13 მარტს გამოცემულ NOTAM-ში.

Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენების აკრძალვა მხოლოდ საქართველოს საავიაციო სივრცეში არ მომხდარა. იგივე გააკეთეს თითქმის ყველა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებამ.

თავად Boeing-ს კი საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა აღნიშნული ტიპის საჰაერო ხომალდებზე დაფიქსირებული ხარვეზების გამოსასწორებლად.

შეგახსენებთ, რომ Ethiopian Airlines-ის ლაინერის ავიაკატასტროფა, რომელიც 2019 წლის 10 მარტს მოხდა, ეს უკვე მეორე უდიდესი ტრაგიკული შემთხვევა იყო, რომელიც Boeing 737-ს შეემთხვა.

აღსანიშნავია, რომ ეთიოპიაში ჩამოვარდნილი ლაინერი – Boeing 737 Max 8 არის გაუმჯობესებული, მეორე ვერსია — 737 Max-ის, რომელის ექსპლუატაციაც 2017 წელს დაიწყო. მწარმოებლის გათვლებით, ამ მოდელებს უნდა ჩაენაცვლებინათ Boeing 737 Next Generation-ი.

ახალი თაობის Boeing 737-მა ავიაკატასტროფა უკვე მეორედ განიცადა. პირველი შემთხვევა 2018 წლის 29 ოქტომბერს მოხდა, როდესაც Lion Air-ის კუთვნილი Boeing 737 Max 8 ინდონეზიაში, ჯაკარტას მახლობლად ჩამოვარდა.

2019 წლის ნოემბერში უკვე ცნობილი გახდა, რომ Boeing-მა, წინასწარი გამოძიების საფუძველზე, მსგავსი ტიპის თვითმფრინავების ოპერატორებს გაფრთხილება გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ  კონტროლს სისტემების ხარვეზს, შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მოეტანა.