სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რეისების დაახლოებით 40-48%-ით აღდგენას ელოდება, რაც თავის მხრივ საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის საიდანაც რეისები სრულდება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. როგორც AviaNews-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ განუცხადა, 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში, რეგულარული რეისების შესრულება იგეგმება კვირაში 180-190 სიხშირით, ხოლო პიკურ პერიოდში 290 სიხშირით.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის ზაფხულზე საქართველოს ავიაბაზარზე 33%-ით ნაკლები ავიაკომპანია მოახდენს ოპერირებას, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე არსებული ფაქტი იყო.
“დღეს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საავიაციო მიმოსვლას 2021 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით განახორციელებს 30 ავიაკომპანია.
გეტყვით, რომ 2019 წელს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში, რეგულარული რეისები სრულდებოდა კვირაში 460-470 სიხშირით, ხოლო პიკურ პერიოდში 590-600 სიხშირით. 2019 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, საავიაციო ბაზარზე ოპერირებდა 45 ავიაკომპანია.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი და იმ ქვეყნების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, საიდანაც სრულდება ფრენები, შესაძლებლობას მოგვცემს განრიგით დადგენილი რეისები განხორციელდეს შეუფერხებლად, ზემოთ აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რეისები დაახლოებით 40-48%-ით აღდგება”, – განმარტავს ლევან კარანაძე.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, ავიაკომპანიების მომართვიანობის დინამიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროცესი კარგი ტემპებით მიმდინარეობს.
“აღნიშნულს ხელი შეუწყო მთავრობის გადაწყვეტილებებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასაზღვრო რეჟიმის შემსუბუქებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სამომავლო გათვლებს, გლობალური პანდემიის პირობებში, ავიარეისების ან მგზავრთნაკადის პროგნოზირება რთულია, რადგან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში ჩართულნი არიან სახელმწიფოები, სადაც შეიძლება განსხვავებულად განვითარდეს ეპიდსიტუაცია, ვაქცინაციის პროცესი და შესაბამისად იყოს განსხვავებული მიდგომები დაავადების პრევენციასთან და სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებით”, აცხადებს კარანაძე.