პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც სექტორში მიმდინარე და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რაზეც შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს შეხედულებები და ინფორმაცია თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გამოწვევებზე, მათ შორის სტატისტიკა და დატვირთულობის მაჩვენებლები. მხარეებმა იმსჯელეს ტურიზმის წარმომადგენლების მიერ ინიცირებულ საკითხებზე და მათი გადაწყვეტის როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან ხედვებზე. როგორც აღინიშნა, ტურიზმის სექტორთან ტრადიციულად გაგრძელდება სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა ფორმატებში, რომ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის შეჯერებული პოზიციებით მოხდეს მნიშვნელოვანი, სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ზოგადად ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე დარგია პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სექტორს ჰქონდეს ინფორმაცია არამარტო მთლიანი ეკონომიკური სურათის, არამედ იმის შესახებაც, თუ რა აკეთებს და გეგმავს მთავრობა ტურიზმის დარგის მუდმივი, აქტიური მხარდაჭერისთვის
ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სექტორთან წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ამჯერადაც ასე გაგრძელდება. ლევან დავითაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ბოლო, არსებული ეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკური ზრდის დინამიკა გააცნო.
„კარგ ეკონომიკურ დინამიკას ვინარჩუნებთ – ჩვენი შეფასებით, აპრილის თვის მონაცემები ორნიშნა ეკონიმიკური ზრდაა, მათ შორის 18.5 % იყო დღგ ბრუნვები. როგორც ვიცით, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 8.2% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.8 % იყო, აპრილი კი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით ხასიათდება. ეს საკმაოდ კარგი ეკონომიკური დინამიკაა, თუმცა, რა თქმა უნდა, დარგობრივ ჭრილში არის უფრო წარმატებული და ნაკლებ წარმატებული დარგები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამა თუ იმ მიმართულებით, სადაც შეიძლება გამოწვევა ან გარკვეული პრობლემა არსებობდეს, დიალოგის რეჟიმში ვისაუბროთ დარგის წარმომადგენლებთან. თუ ჩვენი ინტერვენციები იქნება საჭირო, ყოველთვის მზად ვართ, რომ ჩავერიოთ, შეიძლება ეს იყოს მოკლევადიანი ჩარევა ან უფრო გრძელვადიანი – რაც საჭიროა, მზად ვართ, გავაკეთოთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილია 13 600 ავიარეისი, საიდანაც ყველაზე მეტი – 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება. მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე იზრდება ფრენების სიხშირე გალფის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთან. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილი 13 600 რეისიდან საქართველოდან ევროპაში და პირიქით განსახორციელებელი ფრენები 18%-ს, გალფის ქვეყნებთან – 17%-ს, რუსეთთან – 13%-ს, ხოლო დანარჩენ ქვეყნებთან ჯამურად 52%-ს შეადგენს.
მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა ტურისტული სეზონის წარმატებულად ჩატარების კუთხით სამინისტროსა და კერძო სექტორის კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობას. მისი თქმით, როგორც სამინისტრო, ისე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს სექტორის ხელშეწყობის, მათ შორის ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისა და ახალი პირდაპირი ავიამიმართულებების დამატების მიმართულებით.