ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ჩინეთსა და ევროპას შორის, საქართველოს გავლით, კვირაში 7 სიხშირით გეგმავს ოპერირებას. როგორც ავიაკომპანიის ვიცე-პრეზიდენტი შალვა კიკნაძე AviaNews-თან საუბარში განმარტავს, საჰაერო სატვირთო გადაზიდვებისთვის ყველაზე დატვირთული და აქტიური ზამთრის სანავიგაციო პერიოდია და საანგარიშო პერიოდში Geo Sky საწყის ეტაპზე 7 სიხშირით მოახდენს ოპერირებს, ხოლო შემდგომ მოთხოვნის შესაბამისად მოახდენს მის ზრდას. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში Geo Sky კვირაში 6 სიხშირით ოპერირებდა.
“სამგზავრო თვითმფრინავებისთვის, ხომ ზაფხულის სეზონია ყველაზე აქტიური სეზონი და ზამთარში მგზავრთნაკადი იკლებს. სატვირთო საჰაერო ხომალდების შემთხვევაში კი პირიქითაა, ზამთარში გაქვს მაღალი სეზონი. პარტნიორებთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებული გვაქვს და კვლავინდებურად აქტიურად ვასრულებთ სატვირთო გადაზიდვებს” – განაცხადა შალვა კიკნაძემ.
შეგახსენებთ, რომ Geo Sky პირველი ქართველი გადამზიდველია, რომელიც ჩინეთსა და ევროპას შორის რეგულარული სატვირთო ფრენების განხორციელება დაიწყო. ავიაგადამზიდავი თბილისი-ჩენჩჟოუ-თბილისისა და თბილისი-ფრანკფურტი-თბილისის საჰაერო ხაზებზე ფრენებს Boeing B747-200-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ასრულებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ქართულ ავიაკომპანიას რეგულარული სატვირთო მიმოსვლისთვის აუცილებელი ნებართვა 2020 წლის 25 ნოემბერს მიენიჭა.
Geo Sky-ზე ექსპლუატანტის სერტიფიკატი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2017 წელს გასცა. 2018 წელს, ავიაკომპანიამ წარმატებით გაიარა არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესი (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO). კარგო გადამზიდველის ფლოტი ამჟამად ორი Boeing B747 ტიპის საჰაერო ხომალდისაგან შედგება. Geo Sky ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.