ზამთრის სანავიგაციო სეზონზე გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი დუისელდორფი-თბილისი-დუისელდორფის საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით მოახდენს ოპერირებს. ავიაკომპანიის ბილეთების საძიებო სისტემაში ჩანს, რომ Eurowings-ი ​აღნიშნულ მარშუტზე ბილეთებს კვირაში მხოლოდ ერთ სიხშირეზე ყიდის. შესაბამისად ავიაკომპანია დუისელდორფსა და თბილისს შორის ფრენებს ყოველ კვირა დღეს შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ Eurowings-ი საქართველოს ავაბაზარზე 4 ივლისიდან შემოვიდა.  ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ავიაკომპანია დიუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს, ხოლო ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კი სიხშირეების რაოდენობას შეამცირებს. ავიაკომპანია ფრენებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ასრულებს. 

Eurowings-ის სატარიფო პოლიტიკა 3 სახის ავიაბილეთზეა გათვლილი: BASIC, SMART და BIZclass.

გერმანული “ლოუქოსტერი” Eurowings GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ერთ-ერთი ავიაკომპანიაა, რომლის ავიაპარკიც 139 საჰაერო ხომალდს აერთიანებს. ის ძირითადად ევროპაში ასრულებს რეისებს და 210-ზე მეტ მიმართულებაზე ოპერირებს.  აღსანიშნავია, რომ  Eurowings-ი ევროპის შიგნით მიმართულებების რაოდენობით მესამე ადგილზეა.

​2014 წლის ოქტომბრამდე Eurowings-ი Lufthansa Regional-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებდა, ხოლო შემდგომ Germanwings-ის სახელით გააგრძელა მუშაობა. 2015 წლის ოქტომბრიდან Lufthansa-მ Germanwings-ის ბაზაზე ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი დააფუძნა.