იანვარ-აგვისტოს მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ავიაკომპანია Geo Sky-ა. 

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 257 სატვირთო რეისი შეასრულა. 

შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა თურქული სატვირთო კომპანია Turkish Cargo, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 109 რეისი განახორციელა.

შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე ბელორუსული Rubystar Airways-ი, რომელმაც იანვარ-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 107 რეისი განახორციელა. რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი ქართული სატვირთო ავიაკომპანია Easy Charter-ია 8 თვეში შესრულებული 99 რეისით.

განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Georgian Airways Cargo. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით იანვარ-აგვისტოში ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 84 სატვირთო რეისი განახორციელა.

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.