უკრაინული ავიაკომპანია YanAir-ი ავიაბაზარზე დაბრუნდა. უკრაინის საავიაციო ხელისუფლებამ ავიაკომპანიას, 7 ივნისს შეჩერებული, ექსპლუატანტის სერტიფიკატი აღუდგინა. სერტიფიკატის აღდგენის შემდეგ კი YanAir-მა პირველი ფრენა კიევიდან ბათუმის მიმართულებით შეასრულა.
YanAir-ის მიერ ფრენების აღდგენაზე პირველი ინფორმაცია უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვოლოდიმირ ომელიანმა გააჟღერა, რომელმაც Facebook-ის პირად გვერდზე კომპანიის მიერ სერტიფიკატის დაბრუნების შესახებ დაწერა.
“იმავდროულად ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული და სხვა ავიაკომპანიები მიხვდნენ, რომ ჩვენ ხუმრობას და მგზავრთა უსაფრთხობის ნორმებისა და რეგულაციების უგულვებელყოფას არ ვაპირებთ”, დაწერა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს კომპლექსური ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა ავიაგადამზიდავის საქმიანობაში რამდენიმე კრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩინა. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო საავიაციო სამსახურის ოპერატორთა სერტიფიცირების მუდმივმოქმედმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ 7 ივნისის 00:00 საათიდან (UTC) YanAir Airlines-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატი შეეჩერებინა.
ზოგადად პროცედურების მიხედვით, ავიაკომპანიას ექსპლუატანტის სერტიფიკატის აღდგენა მას შემდეგ ხდება, რაც ინსპექტირების ანგარიშის დასკვნების საფუძველზე ავიაკომპანია არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში YanAir Airlines-ი საქართველოში მხოლოდ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს, სადაც ფრენებს ასრულებს კიევიდან, ხარკოვიდან და ოდესადან.