უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი ფრენებს აჩერებს. aerovokzal-ის ინფორმაციით, კომპლექსური ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა ავიაგადამზიდავის საქმიანობაში რამდენიმე კრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩინა, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ფრენის უსაფრთხოებას.
ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო საავიაციო სამსახურის ოპერატორთა სერტიფიცირების მუდმივმოქმედმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ 7 ივნისის 00:00 საათიდან (UTC) YanAir Airlines-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატი შეუჩეროს.
პროცედურების მიხედვით, ავიაკომპანიას ექსპლუატანტის სერტიფიკატი შესაძლოა მას შემდეგ აღუდგეს, რაც ინსპექტირების ანგარიშის დასკვნების საფუძველზე ავიაკომპანია არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში YanAir Airlines-ი საქართველოში მხოლოდ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს, სადაც ფრენებს ასრულებს კიევიდან და ხარკოვიდან, ხოლო რამდენიმე დღეში ფრენები უნდა დაეწყო ოდესადან.