ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის პილოტის ნაფრენი საათების საერთო ოდენობა 1400 საათზე მეტს შეადგენდა, აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მორიგ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ ყაზბეგში მომხდარ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით გაავრცელა.
“საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

ავიაკომპანია „ავიატორი +“-ის ექსპლუატაციაში მყოფ BELL-505 ტიპის ვერტმფრენს მართავდა გამოცდილი პილოტი, რომლიც ფლობდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის (ATPL) მოქმედ მოწმობას და გავლილი ჰქონდა გადასწავლება აღნიშნული ტიპის ვერტმფრენზე და პერიოდული საკვალიფიკაციო შემოწმება. პილოტის ნაფრენი საათების საერთო ოდენობა შეადგენდა 1400 საათზე მეტს.

სამოქალაქო ავიაციის მოკვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ ახდენს პილოტის იდენტიფიცირებას. საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო. გამოცდილი და პროფესიონალი პილოტის დაღუპვა უკიდურესად დიდი დანაკლისია ჩვენი საავიაციო დარგისთვის”, აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.