Wizz Air-თვის საქართველოს ბაზარი კვლავაც მიმზიდველია. ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ საქართველო მათთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია.
„საქართველო ბაზარი Wizz Air-თვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყოველთვის ასე იყო. მე გასულ წელს საქართველოში 7-ჯერ ვიყავი ჩამოსული. ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ბაზას, 40-მდე მიმართულებით დავფრინავთ. საქართველოს ბაზარზე დიდი რესურსები, ინვესტიციები და ძალები ჩავდეთ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს, პანდემიის დასრულების შემდეგ ეს განვითარება გაგრძელდება“,- განაცხადა Wizz air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ.
ანდრაშ რადო აქვე კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს COVID-19-ის პანდემია დამთავრდება, ჩვენ კი ჩვეულ რეჟიმში ოპერირების გაგრძელების საშუალება გვექნება. 2020 წლის მარტიდან 216 ახალი მიმართულება დავამატეთ ჩვენს ქსელში, ასევე, დაანონსებული გვაქვს 14 ახალი ბაზის გახსნა. ეს ნამდვილად შთამბეჭდავი რიცხვებია, რადგან პანდემიამდე 26 ბაზა გვქონდა, ახლა კი ჯამში 40 გვექნება. თითქმის 50%-იანი ზრდა გვაქვს ასეთი რთული წლის განმავლობაშიც კი. მომავალ წელს მეტ ახალ მგზავრს, მეტ საჰაერო ხომალდს ველით“,- განმარტა “ბიზნესპარტნიორთან” რადომ.