2 აპრილს, 22: 50 საათზე გდანსკიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა. პოლონეთის საპორტო ქალაქი გდანსკი რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული ავიარეისების შესრულება დაიწყო.
ამ დღესთან დაკავშირებით, პირველი რეისის მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგეს: ჩამომფრენებს, რომელთა უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ ქართული დაბრენდილი ღვინოები გადასცეს, ხოლო გამფრენ მგზავრებს – დონატები.
გდანსკი პოლონეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრი და ნავსადგურია ბალტიის ზღვაზე. ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით და პირიქით, რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია Wizz Air-ი კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობს.