Wizz Air-ის ბორტს, რომელსაც ქუთაისი-ბარსელონას რეისი უნდა განეხორციელებინა ტექნიკური ხარვეზი დაუფიქსირდა.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, კომპანიის ტექნიკოსების და თვითმფრინავის კაპიტანის რეკომენდაციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რეისის გაუქმების შესახებ.

„მგზავრებს ბილეთების მომდევნო რეისებზე გადასაცვლელად, ან თანხის უკან დასაბრუნებლად შეუძლიათ მიმართონ საინფორმაციო სამსახურს ადგილზე. ან დაუკავშირდნენ ავიაკომპანია Wizz Air-ის ცხელ ხაზს: 07 06 777 483.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ის მგზავრები, რომლებიც გაფრენას მომდევნო რეისით გადაწყვეტენ, მათი ტრანსპორტირებისა და სასტუმროს ხარჯებს კომპანია ვიზეარი აანაზღაურებს“, აღნიშნულია აეროპორტის განცხადებაში.

ავიაკომპანია Wizz Air-ში კი განმარტავენ, რომ თვითმფრინავთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ტექნიკური გარემოებების გამო, Wizz Air-ის დღევანდელი რეისები W6 6417/6418 ქუთაისი-ბარსელონა-ქუთაისის მიმართულებით გაუქმდა

„Wizz Air-ის პოლიტიკისა და შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, ყველა მგზავრს, რომლის რეისიც გაუქმდა, შესაძლებლობა აქვს, უფასოდ იმგზავროს Wizz Air-ის ალტერნატიული რეისით, მოითხოვოს ბილეთის საფასურის სრული ანაზღაურება ან თავდაპირველი ღირებულების 120 პროცენტი WIZZ საკრედიტო ბარათზე. ავიაკომპანია მგზავრებს უზრუნველყოფს კვების ვაუჩერით და, საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროში განთავსებით. Wizz Air გულწრფელ ბოდიშს უხდის ყველა დაზარალებულ მომხმარებელს რეისების გაუქმებით შექმნილი ნებისმიერი სახის დისკომფორტის გამო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიისთვის მგზავრების, ეკიპაჟისა და თვითმფრინავის უსაფრთხოება ყველაზე პრიორიტეტულია”, აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.