ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში დეკემბრიდან ბაზას განუსაზღვრელი პერიოდით ხურავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ავიაკომპანიას კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ხომალდი აღარ ეყოლება. ამასთანავე, უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაგადამზიდავი 1-ლი დეკემბრიდან კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენას სრულად შეწყვეტს. ავიაკომპანია უკვე გადავიდა ზამთრის სეზონზე მორგებულ განრიგზე და ფრენები შეაჩერა პარიზის, ბრიუსელის, ბაზელისა და ტურინის მიმართულებით.

თუმცა, Wizz Air-ი კიშინეუს მიმართულებით ცალმხრივი ფრენების შესრულებას განაგრძობს ევროპის ქვეყნებში არსებული ჰაბებიდან, რომელთა შორისაა ავსტრია, ჩეხეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდების სამეფო, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო.

„არსებული რისკების შეფასების შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დახურვის საფრთხე, 2022-2023 წლის ზამთრის სეზონისთვის ჩვენ აღნიშნული განრიგის შესაბამისად ვიფრენთ. ჩვენ ვრჩებით მოლდოვური ბაზრის და ჩვენი მომხმარებლების ერთგული და ხელახლა გავხსვით ბაზას, როგორც კი სტაბილურობა და პროგნოზირებადება აღდგება“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

Wizz Air-ის ბაზის დახურვა გამოწვეულია საოპერაციო საფრთხეებით, რომელიც გაიზარდა მას სემდეგ, რაც რუსულმა სამხედრო რაკეტებმა მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაარღვია. რაკეტები უკრაინის წინააღმდეგ შავ ზღვაში მოძრავი რუსული გემებიდან გაუშვეს. მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ რაკეტებმა საფრთხე შეუქმნა მოლდოვის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურას და ქვეყნის საჰაერო სივრცეში მფრინავ სამოქალაქო თვითმფრინავებს.