უნგრეთის სულ უფრო მეტ მოქალაქეს სურს საქართველოში ჩამოსვლა, აცხადებს საქართველოში ვიზიტად მყოფი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. მისი განმარტებით, ავიაკომპანია Wizz Air-ი წარმატებით თანამშრომლობს საქართველოსთან და მას შემდეგ Wizz Air-ი განაახლებს სრული მასშტაბით ოპერირებას, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კვლავ საქართველო იქნება.

“უნგრეთის სულ უფრო მეტ მოქალაქეს სურს საქართველოში ჩამოსვლა. გასულ წელს ჩამოვიდა 7,000-მდე უნგრელი და მოინახულა საქართველო. პანდემიის პირობებში, ბუნებრივია, ძალიან შემცირდა ფრენები, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საქართველოზე, ან უნგრეთზე გავრცელებული სპეციფიკა. კომპანიამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში შეამცირა ფრენები. თქვენი მთავრობა ყოველთვის პოზიტიურად უდგებოდა Wizz Air-ის მუშაობას საქართველოს ტერიტორიაზე და ხელს უწყობდა მას ამაში. ეს დროის საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ ავიაკომპანია აუცილებლად იპოვის თავის ადგილს მსოფლიოში” – განაცხადა სიიარტომ.

ამავე საკითხზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ Wizz Air-ი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნგრული კომპანია საქართველოში, რომელიც გააგრძელებს საქართველოში ყოფნას და კავშირების გაღრმავებას, როგორც უნგრეთთან, ისე ევროპასთან, საქართველოს მოქალაქეების წვდომის თვალსაზრისით: „ავიაკომპანია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ევროპასთან მჭიდრო კავშირში” – თქვა დავით ზალკალიანმა.