ევროპის უმსხვილესი “ლოუქოსტერი” Wizz Air-ი საქართველოში შვილობილი ავიაკომპანიის დაფუძნებას, რომელსაც ქართული ექსპლუტანტის სერტიფიკატი ექნება, ამ ეტაპზე არ განიხილავს. როგორც გადაცემა “საქმიანი დილის” რუბრიკა “საუბრები ავიაციაზე” ინტერვიუში კითხვის პასუხად Wizz Air-ის გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ვარადიმ განაცხადა, იდეა საინტერესოა, თუმცა ამ მიმართულებითაც სიფრთხილეა საჭირო, რათა არ შეიქმნას ზედმეტი კომპლექსურობა და დამატებითი ლიცენზიების მიღების შედეგად ავიაკომპანია ნაწილებად არ დაიყოს.
“მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო იდეაა, მაგრამ ამას Wizz Air-ის მხრიდან გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა შევხედოთ, რათა დიდი სურათი დავინახოთ.
საოპერაციო ხარჯების კუთხით არსებული ჩვენი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვართ უწყვეტი ოპერირების მოდელი და ახალი ლიცენზია დამატებით კომპლექსურობის ფაქტორია. რაც უფრო მეტი სხვადასხვა ლიცენზია გაქვს, უფრო მეტად კომპლექსურს ხდი შენი ოპერირების მოდელს. ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ ლიცენზიების ოდენობა და ავიაკომპანიის ოპერირება განვახორციელოთ ერთი ლიცენზიის ქვეშ და ამის მიღწევა შესაძლებელია ევროკავშირში და ასოცირებულ და ღია ცის პოლიტის მქონე ქვეყნებში მათ შორის საქართველოში.
ჩვენ სიფრთხილე გვმართებს ამ შემთხვევაში, რომ არ შევქმნათ ზედმეტი კომპლექსურობა და დამატებითი ლიცენზიების მიღების შედეგად ნაწილებად არ დავყოთ ავიაკომპანია, რაც ფუნდამენტურად ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ჩვენი დანახარჯების ეფექტურობაზე.
მომხმარებლის ყველაზე დიდი მოთხოვნა არის ის, რომ მათ ჰქონდეთ ბაზარზე ყველაზე იაფი ავიაბილეთებით სარგებლობის საშუალება და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვახერხებთ მხოლოდ მარტივი და სტანდარტული ოპერირების მოდელით”, აცხადებს ჯოზეფ ვარადი.