საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლიდან თითქმის 6 წლის თავზე Wizz Air-ი 1.5 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება 2012 წლის სექტემბრიდან დაიწყო და დღემდე (2018 წლის ნოემბრის ჩათვლით) აეროპორტის გავლით სულ 1 მლნ 483 ათას 43 მგზავრს მოემსახურა. ცხადია, რომ წლის ბოლომდე კომპანიის მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

გასული წლების მიხედვით Wizz Air-ის მიერ ქუთაისის აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილი მგზავრთა  სტატისტიკა ასე გამოიყურება:

2012 წელი – 11,214 მგზავრი;

2013 წელი – 163,737 მგზავრი;

2014 წელი – 190,475 მგზავრი;

2015 წელი – 116,835 მგზავრი;

2016 წელი – 155,045 მგზავრი;

2017 წელი – 223,656 მგზავრი;

2012 წლის სექტემბერში Wizz Air-მა ქუთაისის მიმართულებით ოპერირება კიევი-ქუთაისის საჰაერო ხაზით დაიწყო.

2013 წელს ავიაკომპანიამ დაამატა 4 ახალი მიმართულება: ხარკოვი, დონეცკი, ვარშავა და კატოვიცე;

არსებულ მიმართულებებს 2014 წელს დაემატა: ვილნიუსი და ბუდაპეშტი;

2015 წელს უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე Wizz Air-მა ​უკრაინიდან ქუთაისის მიმართულებით ავიარეისები შეწყვიტა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ევროპის 4 მიმართულებიდან (ვარშავა, ბუდაპეშტი, ვილნიუსი, კატოვიცე) ახდენდა.

2016 წლის სექტემბერში Wizz Air-მა ​ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საკუთარი ბაზა გახსნა, სადაც ბაზირებდა 1 ბორტით და 7 ახალი ავიამიმართულებით (მილანი, სალონიკი, ლარნაკა, ბერლინი, დორტმუნდი, მემინგენი, სოფია). 2017 წელს Wizz Air-მა ​არსებულ მიმართულებას დაამატა ლონდონი. 2018 წელს “ლოუკოსტერმა” ქუთაისის აეროპორტში მეორე ბორტის ბაზირება მოახდინა და ოპერირება 5 ახალი ავიამიმართულებით (ათენი, რომი, პარიზი, პრაღა, ბარსელონა) დაიწყო.

2018 წლის მონაცემებით, Wizz Air-ი ქუთაისიდან ასრულებს ფრენებს ევროპის 14 ქვეყნის 20 მიმართულებით:

  • ავსტრია: ვენა;
  • გერმანია: ბერლინი, დორტმუნდი, მემინგენი (მიუნხენი);
  • დიდი ბრიტანეთი: ლონდონი;
  • ესპანეთი: ბარსელონა;
  • იტალია: მილანი, რომი;
  • კვიპროსი: ლარნაკა;
  • ლატვია: რიგა;
  • ლიტვა: ვილნიუსი;
  • საბერძნეთი: ათენი, სალონიკი;
  • საფრანგეთი: პარიზი;
  • უნგრეთი: ბუდაპეშტი;
  • პოლონეთი: ვარშავა, ვროცლავი, კატოვიცე;
  • რუმინეთი: ბუქარესტი;
  • ჩეხეთი: პრაღა;
    შეგახსენებთ, რომუნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი 2003 წელს დაარსდა. ავიაკომპანიამ პირველი რეისი 2004 წლის 19 მაისს, კატოვიცედან განახორციელა. ამ დროისათვის ავიაკომპანიის საჰაერო ფლოტი მოიცავს 96 ერთეულ Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებს.