ბათუმში, პროექტის  „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მართვის დახვეწა“ შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში – ლუიზა ვინტონთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაესწრო.

პროექტი  „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მართვის დახვეწა“ 2014-2018 წლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარადჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავდა აჭარის დაცული ტერიტორიების განვითარებას და მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობას.

1.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გრანტის ფარგლებში, დაარსდა მაჭახელას ეროვნული პარკი, განხორციელდა ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა. ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ეროვნული პარკის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში გამოიცადა და დაინერგა განახლებადი ენერგიის გამოყენება, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ეკო-ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. გარდა ამისა, შეიქმნა ეროვნული პარკისა და  მიმდებარე ტერიტორიის მდგრადი განვითარების მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ადგილობრივი სოფლების 3 ათასი მცხოვრების სოციალური  და ეკონომიკური ინტერესები.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობების, დონორი ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.