საქართველოს ავიაბაზრის ლიდერები უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი და თურქული ეროვნული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ი არიან. AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-მაისში რეგულარული რეისებით Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზარზე 179498 მგზავრს, ხოლო Turkish Airlines-ი 175980 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად Wizz Air-ზე და Turkish Airlines-ზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის 14-14%-ი მოდის.
იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის 10%-იანი წილის მფლობელია და შესაბამისად TOP-5-ში მეორე ადგილზეა თურქული ავიაგადამზიდავი Pegasus Airlines-ი, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით 127394 მგზავრს მოემსახურა.
საქართველოს ავიაბაზრის ლიდერთა შორისაა და “საუკეთესო ხუთეულში” მესამე ადგილს 7%-იანი წილით ბელორუსის ავიაკომპანია Belavia იკავებს, რომელიც საანგარიშო პერიოდში საქართველოს ავიაბაზარზე 87348 მგზავრს მოემსახურა. 77273 გადაყვანილი მგზავრით საქართველოს ავიაბაზრის 6%-ის მფლობელია და TOP-5-ში მეოთხე პოზიციაზეა არაბეთის გაერთიანებული საამიროებს ავიაკომპანია flydubai.
TOP-5 ავიაკომპანიას შორისაა და იანვარ-მაისში მეხუთე პოზიციაზეა ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი. ავიაკომპანია იანვარ-მაისში საქართველოს ავიაბაზარზე 59699 მგზავრს მოემსახურა და შესაბამისად 5%-იანი წილის მფლობელია.
5 თვის განმავლობაში ქვეყნის აეროპორტების მეშვეობით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზრის 4%-იან წილს ფლობს აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL.
რაც შეეხება დანარჩენ ავიაკომპანიებს, გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 3-3%-იან წილს იყოფენ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Air Arabia, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი, ყაზახეთის ავიაკომპანია FlyArystan-ი, პოლონური ავიაგადამყვანი LOT Polish Airlines-ი, ისრაელის ავიაკომპანია EL AL და გერმანული ავიაკომპანია Lufthansa.
ბაზრის 2-2%-იან წილს კი ფლობენ შემდეგი ავიაკომპანიები: Aircompany Armenia, Qatar Airways, Flynas, Wizz Air Abu Dhabi, SkyUp Airlines, Bees Airline, Arkia.
საგულისხმოა, რომ უკრაინული ავიაკომპანიების წილი საქართველოს ავიაბაზარზე უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა და წარმოებული ომი, რომელსაც მოსახლეობის სიცოცხლე ეწირება. უკრაინის მოქალაქეების ნაწილი კი ლტოლვილად იქცა. მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე უკრაინის ცა სამოქალაქო ფრენებისთვის დახურულია, შესაბამისად საქართველოსა და უკრაინას შორის საჰაერო გზით მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ავიაბაზარზე მგზავრების 97%-ს უცხოური ავიაკომპანიები მოემსახურნენ, ხოლო დარჩენილ 3%-ს კი ეროვნული ავიაკომპანია.
PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ან მატება დამოკიდებულია კონკრეტულ წელს არსებულ საერთო მგზავრთნაკადზე და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. მგზავრთნაკადის რაოდენობის ცვლილების ფონზე წლიდან წლამდე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება.