საქართველოს ავიაბაზრის ლიდერები უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი და თურქული ეროვნული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ი არიან. AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზარზე 56 ათს 439 მგზავრს, ხოლო Turkish Airlines-ი 55 ათას 956 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად Wizz Air-ზე და Turkish Airlines-ზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის 13-13%-ი მოდის.
იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის 10%-იანი წილის მფლობელია და შესაბამისად TOP-5-ში მეორე ადგილზეა თურქული ავიაგადამზიდავი Pegasus Airlines-ი, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით 45 ათას 498 მგზავრს მოემსახურა.
საქართველოს ავიაბაზრის ლიდერთა შორისაა და “საუკეთესო ხუთეულში” მესამე ადგილს 8-8%-იანი წილით იყოფენ არაბეთის გაერთიანებული საამიროებს ავიაკომპანია flydubai და ბელორუსის ავიაკომპანია Belavia. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველ ორ თვეში flydubai საქართველოს ავიაბაზარზე მოემსახურა 33 ათას 403 მგზავრს, ხოლო Belavia 33 ათას 091 მგზავრს.
TOP-5 ავიაკომპანიას შორისაა და იანვარ-თებერვალში გადაყვანილი მგზავრთნაკადით მეოთხე ადგილზე არიან უკრაინული ავიაკომპანიები SkyUp Airlines-ი და Bees Airline. “ლოუქოსტერები” საქართველოს ავიაბაზრის 5-5%-იან წილს იყოფენ. აღნიშნული ავიაკომპანიების წილი საქართველოს ავიაბაზარზე უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა და წარმოებული ომი, რომელსაც მოსახლეობის სიცოცხლე ეწირება. უკრაინის მოქალაქეების ნაწილი კი ლტოლვილად იქცა. მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე უკრაინის ცა სამოქალაქო ფრენებისთვის დახურულია, შესაბამისად საქართველოსა და უკრაინას შორის საჰაერო გზით მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში SkyUp Airlines-ი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 21 ათას 884 მგზავრს მოემსახურა, ხოლო Bees Airline 21 ათას 399 მგზავრს.
იანვარ-თებერვალში ქვეყნის აეროპორტების მეშვეობით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზრის 4-4%-იან წილს ფლობენ აზერბაიჯანული AZAL და ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი. შესაბამისად ორივე კომპანია TOP-5-ში მეხუთე პოზიციას თანაბრად ინაწილებენ.
რაც შეეხება დანარჩენ ავიაკომპანიებს, გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 3-3%-იან წილს ფლობენ ფლობენ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Air Arabia.
ბაზრის 2-2%-იან წილს კი იყოფენ შემდეგი ავიაკომპანიები: Lufthansa, FlyArystan-ი, LOT Polish Airlines-ი, Aircompany Armenia, Qatar Airways-ი და EL AL.
PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ან მატება დამოკიდებულია კონკრეტულ წელს არსებულ საერთო მგზავრთნაკადზე და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. მგზავრთნაკადის რაოდენობის ცვლილების ფონზე წლიდან წლამდე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ავიაბაზარზე მგზავრების 96%-ს უცხოური ავიაკომპანიები მოემსახურნენ, ხოლო დარჩენილ 4%-ს კი ეროვნული ავიაკომპანია.