დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა და საჰაერო კოსმოსურმა მწარმოებელმა Airbus-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისთვის, რომელიც მოიცავს წყალბადით მომუშავე თვითმფრინავების მუშაობის ანალიზს. აღნიშნული კვლევის მიზანია გაირკვეს თუ როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს მომავალში წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავებმა უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ბიზნეს მოდელსა და ფლოტზე. როგორც ცნობილია, Wizz Air-ი და Airbus-ი დიდი ხანია თანამშრომლობენ. ავიაკომპანიის ავიაპარკი მხოლოდ Airbus-ის თვითმფრინავებით არის დაკომპლექტებული. თავად Airbus-ი დიდ ფსონებს დებს წყალბადზე, როგორც მომავლის ძრავის არქიტექტურაზე.
მემორანდუმის ფარგლებში, Wizz Air-ი შეისწავლის წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავების გავლენას ავიაკომპანიის ქსელზე, განრიგსა და ბაზებზე. ორ კომპანიას შორის თანამშრომლობის ახალი თავი მოიცავს საკითხებს, რომლებიც წარმოიქმნება ახალი ტექნოლოგიის გამოყენებისას, როგორიცაა საწვავის შევსება, თვითმფრინავების დიაპაზონი და სხვა შესრულების მახასიათებლები.
წყალბადის თვითმფრინავზე გადასვლას შეიძლება ათწლეულზე მეტი დასჭირდეს, მაგრამ ყველამ საიდანღაც უნდა დაიწყოს. Airbus-ს გადაწყვეტილი აქვს 2035 წლისთვის ბაზარზე ახალი თვითმფრინავის გამოტანა, როგორც მისი ZEROe პროექტის ნაწილი.
Wizz Air არ არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც Airbus-ს აღნიშნულ პროექტში შეუერთდა.