ქუვეითური ავიაკომპანია Wataniya Airways-ს გაუქმებული რეისებიდან მგზავრები ალტერნატიულ მარშრუტებზე გადამისამართდებიან.
ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავიაკომპანიის წარმომადგენლობაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით გაუქმებულ ფრენებზე მგზავრებს დახმარებას ქუვეითის საელჩოს ერევნის წარმომადგენლობა უწევს.
ქუვეითის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დირექტორატმა ავიაკომპანია Wataniya Airways-ს 3 თვის ვადით შეუჩერა ოპერირების უფლება. ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიამ ვერ წარმოადგინა გადაუდებელი ღონისძიებების გეგმა, რომლის მიხედვითაც დაადასტურებდა რომ გადამზიდველი უზრუნველყოფდა საჰაერო ხომალდების პერიოდულ ტექნიკურ მომსახურებას და გრძელვადიან ოპერირების განხორციელებას.
საელჩოების დახმარებით, მგზავრების გადამისამართება ხდება ალტერნატიულ მარშრუტებზე.
რეისები გაუქმებულია ყველა მიმართულებით, სადაც ავიაკომპანია დაფრინავდა, შესაბამისად, თბილისის მიმართულებითაც.