მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება წელს პირველად გაიმართა. აქამდე აეროპორტში მხოლოდ არასრულმასშტაბიანი სწავლებები იმართებოდა, სადაც მხოლოდ ერთი უწყება იყო ჩართული.

“მესტია – 2018“-ის სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს “საქართველოს აეროპორტების გაერთანების” საავიაციო უშიშროების დეპარტამენტისა და მესტიის აეროპორტის პერსონალმა, “საქაერონავიგაციის” წარმომადგენლებმა, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისმა დანაყოფმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურმა, ასევე, სახანძრო და სამედიცინო სამსახურებმა.

სცენარის მიხედვით, მესტიის აეროპორტში რეკავს ანონიმური პირი, რომელიც თანამშრომლებს „საქაერონავიგაციის“ დამხმარე ნაგებობაში ნაღმის არსებობის შესახებ აწვდის ინფორმაციას. რის შემდეგაც შეიკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. სწავლება ,,მესტია – 2018“-ის მიზანია ფეთქებადი მოწყობილობის აღმოჩენა და მისი განეიტრალება.

პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ მესტიის აეროპორტის საავიაციო უშიშროების მენეჯერმა მალხაზ ნაკანმა განაცხადა, რომ სწავლების მიზანი აეროპორტში მომსახურე ყველა პერსონალის მზადყოფნა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლენაა.

“წელს პირველად ჩატარდა მესტიის აეროპორტში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება. ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული,” – განაცხადა მალხაზ ნაკანმა.

საქართველოს აეროპორტებში სრულმასშტაბიანი სწავლება პერიოდულად ტარდება. მესტიის შემდეგ პრაქტიკული სწავლება ამბროლაურის აეროპორტში გაიმართება.